"ყოველთვის ისმოდა შეკითხვა, როგორ მოახერხა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ საქართველოს დაემართა ის, რაც რუსეთმა მას დამართა", - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი საუბრობს.
მინისტრი ეხმაურება "ხალხის ძალის" მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც აგვისტოს ომს და "ნაციონალურ მოძრაობას" ეხება. წერილში "ხალხის ძალა" პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება.
"ყოველთვის ისმოდა შეკითხვა, როგორ მოახერხა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ საქართველოს დაემართა ის, რაც რუსეთმა მას დამართა, როგორ მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ვერ აიცილა ის დიდი საფრთხეები, რომლის მსხვერპლიც ჩვენ ყველა ვიყავით და ამის მსხვერპლი აღმოჩნდა საქართველოს სახელმწიფოებრიობაც. გახსოვთ, რომ 2008 წლის აგვისტოში, თვითონ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც არსებობის საფრთხე იყო თვალსაჩინო. იმედი მაქვს, რომ ამ კითხვას პასუხი გაეცემა და სამართლებრივი პროცესი წარიმართება," - აცხადებს თეა წულუკიანი.