2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს, თუ ირჩევს მშვიდობას - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს, წარმატებით შესრულდება 4-წლიანი ამოცანა, ქვეყანაში კი გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა.
ტექსტში ჩამოთვლილია ის პუნქტები, რისთვისაც, "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება. მათ შორის არის პოლიტიკიდან "ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშორება და ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის კონსტიტუციური კანონპროექტის დამტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. კიდევ ერთ პუნქტს, რომელიც განცხადებაშია ნახსენები და რომელზეც კონსულტაციები გრძელდება, "ქართული ოცნება" ჯერჯერობით ინტრიგად ტოვებს.
"ქართული ოცნების" განცხადებას და იმ მთავარ გზავნილებს, რომლებიც ტექსტშია მოყვანილი, უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
"ნაციონალურ მოძრაობის" განცხადებით, მმართველ გუნდს არ ესმის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა პარტიები არ არის მხოლოდ საბუთები და იუსტიციაში გატარებული დოკუმენტაცია, ეს არის ხალხი და იდეა.
"ასეთ განცხადებას რომ აკეთებენ, მათ მთავარი ამბავი არ ესმით, რომ პარტიები, იგივე "ნაციონალური მოძრაობა" - არ არის რაღაც საბუთები, წესდება და იუსტიციაში გატარებული და რეგისტრირებული დოკუმენტაცია. ეს არის იდეა, ეს არის ხალხი.
ამ გამოძიებებს, "ნაციონალურ მოძრაობას" გავაუქმებთ, რეგისტრაციიდან მოვხსნით, მარტო ჩვენ დავრჩებით ერთადერთ პოლიტიკურ ორგანიზაციად და პარტიად და ჩრდილოეთ კორეას მოვაწყობთ - ეს ყველაფერი არის იმის გაგრძელება, რაც დაახლოებით 1.5-2 თვის წინ, როდესაც ოფისს ხსნიდნენ, კობახიძემ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 12 წელია ვართ ხელისუფლებაში და კიდევ მინიმუმ 12 წელი უნდა ვმართოთ ეს ქვეყანაო, მათ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება", - აცხადებს ენმ-ს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.
"ევროოპტიმისტებში" ამბობენ, რომ "ოცნების" სურვილი - უმრავლესობით მოსვლა პარლამენტში, შეძლება დახასიათდეს, როგორც ქვეყნის ღალატი.
"პირდაპირ არის თავდასხმა როგორც ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე, ასევე ზოგადად ოპოზიციაზე, რომელიც თურმე იმართება ვიღაცების, რა თქმა უნდა, ამერიკისა და ევროკავშირის მიერ და რომ ეს ოპოზიცია არჩევნების შემდეგ უნდა განადგურდეს. თანაც, ოპოზიციის გასანადგურებლად და შემდეგ მათი მიზნების მისაღწევად, საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების სახით მათ სჭირდებათ თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება. ყველა დეტალი, თუ რისთვის სჭირდება "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა, ასევე შეიძლება დახასიათდეს როგორც ქვეყნის ღალატი", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.