16 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
აცრემლებული ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი, რომელსაც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ოვალური კაბინეტისკენ მიმავალი გზა დაულოცა

დემოკრატების პარტიული ყრილობის პირველივე საღამო ემოციური იყო. ამერიკელებმა სცენაზე აცრემლებული ჯო ბაიდენი ნახეს და მისი საკმაოდ მგრძნობიარე დამშვიდობება მოისმინეს. დემოკრატები ხანგრძლივი ოვაციებით ემშვიდობებოდნენ და, ქვეყნის ნახევარსაუკუნოვანი სამსახურისთვის, მადლობას უხდიდნენ ბაიდენს, რომელმაც პრეზიდენტობის მეორე ვადა თავისზე ახალგაზრდა კანდიდატის სასარგებლოდ დათმო.

საპრეზიდენტო მარათონის ოფიციალურად დათმობამდე, დონალდ ტრამპთან 27 ივლისს გამართული დებატები იყო, რომლის შემდეგაც დემოკრატებს გაუჩნდათ შიში, რომ ბაიდენი ტრამპის დამარცხებას ვერ შეძლებდა. პრეზიდენტი სამი კვირის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა პარტიის წევრების მოწოდებებს, კამპანია მიეტოვებინა და, საბოლოოდ, 21 ივლისს, მეორე ვადით არჩევაზე უარი თქვა.

ბაიდენს მადლობა გადაუხადა კამალა ჰარისმა, რომელიც ყრილობაზე მოულოდნელად გამოჩნდა. მისი მთავარი მოხსენება ხუთშაბათს არის დაგეგმილი, როდესაც ის ნომინაციას მიიღებს.

ჩიკაგოში, ჰარისს მხარი დაუჭირა ჰილარი კლინტონმაც, რომელსაც ეროვნული ყრილობის სცენა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, 8 წლის წინ ეკავა, თუმცა არჩევნები დონალდ ტრამპთან წააგო.

გასულ კვირას ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები უჩვენებს, რომ ამერიკელი ამომრჩევლის 3 უმთავრესი ინტერესი ეკონომიკა, ინფლაცია და დემოკრატიაა. კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის მთავარი საარჩევნო გზავნილები კი, აბორტის უფლებისა და მექსიკის საზღვრის შესახებ, მოქალაქეებს შედარებით ნაკლებად აინტერესებთ. ამ დროისთვის, გამოკითხვებით, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3%-ით უსწრებს.

 

დღის ამბები