16 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი ნათია მეზვრიშვილზე: ამით, პრაქტიკულად, ამხილა გახარია, რომ ის არის "ნაცმოძრაობის" შემადგენელი ნაწილი

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნათია მეზვრიშვილის მცდელობა, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო, მიუთითებს, რომ პარტია "საქართველოსთვის" "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ნაწილია.

მისივე თქმით, მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ვერაფერს დაუმტკიცებს.

"რაც მეტს ილაპარაკებს ნათია მეზვრიშვილი, მით უფრო დამტკიცდება, რომ გახარიას პარტიაც არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" განუყოფელი ნაწილი. როგორც ჩანს, გაიხსენა თავისი ძველი პროფესია პროკურატურაში და დაბრალებებით, დაშინებებით, სისხლის სამართლის წესით საქმის აღძვრით ჰგონია, რომ ჩირქს მოსცხებს სხვა ადამიანებს. ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ განსხვავებული პლატფორმა შესთავაზოს საზოგადოებას, გაიხსენა ძველი, ნაცების მეთოდები და ამით, პრაქტიკულად, ამხილა გახარია, რომ ის არის "ნაცმოძრაობის" შემადგენელი ნაწილი. პრინციპში, შეიძლება "კატამ თხარა თხარას" პრინციპით, ამ დაბრალებებით პაპუაშვილს ვერაფერს დაუმტკიცებს, მაგრამ თავისი პარტიის თავმჯდომარე გახარიასთან კი, შეიძლება, მართლა მივიდეს ამ პასუხისმგებლობებით," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამაც. მისი განცხადებით, თავადაც ეთანხმება შალვა პაპუაშვილის გამონათქვამს, თუმცა ამაში ძალადობრივი ქმედებები არ იგულისხმება.

"იმისათვის, რომ ნათია მეზვრიშვილს კიდევ უფრო გავუფართოო მოქმედების არეალი, - ჩივილი და დაჭერა მისი ძველი ხელობაა და, შესაძლოა, კიდევ უფრო შევიდეს ეშხში - მე გავიმეორებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ფრაზას და დავეთანხმები კიდეც, რომ ნამდვილად არ აპატიებს ქართველი კაცი, ქართველი გლეხი იმ შეურაცხყოფას, რაც ამჟამად "ახლებში" მოკალათებულმა ძველმა, მჟავე სახეებმა შეურაცხყოფის სახით მიაყენეს ქართველ მეღვინეს, ვაზს, ვაზის მოყვარულს თუ ქართული ტრადიციების მოყვარულს.

ქართველ ხალხს აქვს უფლება, პასუხი მოსთხოვოს ამ ძალას, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ძალადობრივად. ძალადობრივი პასუხისგება და ლინჩის წესით მათი გასამართლება მხოლოდ ამ ადამიანების წისქვილზე ასხამს წყალს," - აცხადებს ბექა ოდიშარია.

ცნობისთვის, ნათია მეზვრიშვილი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდა და ძალადობრივ მოწოდებებზე საუბრობდა.

დღის ამბები