"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც დაზუსტებულია ის პუნქტები, თუ რისთვის სჭირდება მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, "ხალხის ძალა" ეხმაურება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრი გურამ მაჭარაშვილის თქმით, რაც უფრო ახლოვდება 26 ოქტომბრის არჩევნები, მით უფრო მარტივი ხდება არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას, მონობასა და სუვერენიტეტს შორის.
"რაც უფრო ახლოვდება 26 ოქტომბერი, მით უფრო ნათელი ხდება არჩევანის გაკეთება, რომ არის მარტივი ქართულ საზოგადოებაში. ეს არის არა მხოლოდ არჩევნები, არამედ რეფერენდუმი, ომი თუ მშვიდობა, მონობა თუ სუვერენიტეტი, ქართული ტრადიციები თუ ლგბტ პროპაგანდა, ეს არის ის მოცემულობა, რა მოცემულობაშიც ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
პრინციპში, ეს უკვე ჩვენ ვნახეთ მათ შორის 17 მაისს, როდესც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი საქართველოში გამოვიდა და დადგა მშვიდობის, ტრადიციების და ღირებულებების მხარეს. ამას ისინი გააფორმებენ გაორმაგებული და გასამმაგებული ოდენობით 26 ოქტომბერს. ეს იქნება ის მოცემულობა, რასთან დაკავშირებითაც ზუსტად ამ განცხადებაშია საუბარი, და რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მინიმუმ 2 წელია ვსაუბრობთ", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ მმართველმა გუნდმა ის ოთხი მიზეზი განმარტა, თუ რატომ უნდა მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა არჩევნებზე - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების გასამართლება ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტის მიღება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ პროცესისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. მეოთხე მიზეზს „ოცნება“ საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ოქტიმბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იქნება, სადაც ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას.
მმართველი პარტია მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, მივიდნენ არჩევნებზე, რადგან როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 26 ოქტომბერს, არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება.