მცხეთაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არათუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება არ უნდა მიეცეს.
მისივე სიტყვებით, "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ აქვს, რადგან ის ერთადერთი პასუხიმგებლობიანი პოლიტიკური ძალაა.
"ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება აღარ უნდა მივცეთ. 26 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის. აირჩევს კოლექტიურ ომის პარტიას, ან მშვიდობის პარტიას. აირჩევს ან უცხო ძალების მსახურ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველ, ძირძველი ტერიტორიების გამყიდველ ძალას, ან აირჩევს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების მსახურ, მშვიდობიან განვითარებაზე მზრუნველ ძალას. ისტორია გვასწავლის ბევრ მაგალითს, რომ ზოგჯერ ხალხი უკეთესის ძიებაში ირჩევს უარესს. ამიტომ, ჩვენ გვმართებს სიფრთხილე და გონიერება. დღეს, "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს, ვინაიდან იგი წარმოადგენს ერთადერთ პასუხისმგებლობიან პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობისა და ევროპული მომავლის გარანტი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.