26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის მოუწევთ - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მთავარი გზავნილები პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე დილიდან შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
ბიძინა ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნების საკვანძო მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ამოცანა საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვებაა. რისთვის სჭირდება "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა - ამომრჩეველმა განმარტება პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან მოისმინა.
"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონის მიღება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამისთვის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. მეოთხე პუნქტი ბიძინა ივანიშვილმაც ჯერჯერობით ინტრიგად დატოვა. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მშვიდობის შენარჩუნება დასახელდა.
"რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს "ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს, მით უფრო განმტკიცდება მშვიდობა ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები დაბრკოლება შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ასევე, მით უფრო მალე გადაიტვირთება ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან," - ამბობს "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ გუშინ გაჟღერებული განცხადებები პოზიტიურ მოლოდინებს არ შეიცავდა და ხაზს უსვამენ იმ ტონალობას, რომელიც გუშინ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ჰქონდათ.
"არცერთი გზავნილი არ შეიცავდა პოზიტიური მოლოდინის შექმნას, თუ რას აპირებს "ოცნება“ და რის შეთავაზებას აპირებს საქართველოს მოსახლეობისათვის. მათი მთელი ყურადღება კონცენტრირებულია იმისკენ, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება.
ღიმილისმომგვრელია ის ტონალობა, რომელიც "ქართულ ოცნებას“ აქვს. ადამიანებს, ალბათ, ეგონათ თავი 2012 წელს, როდესაც მაშინაც ივანიშვილი ებრძოდა "ნაციონალურ მოძრაობას“. დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში“ მოიაზრება მთელი პროდასავლური ოპოზიცია, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველას კრეფსით "ნაციონალურ მოძრაობად“ მოიხსენიებენ. ამიტომ არის, რომ ამ საზოგადოებას აღარ სჯერა "ქართული ოცნების“, ამ ტყუილების, ამ მანიპულაციის,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთთ-ერთი წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი, პლატფორმა ”ძლიერი საქართველო” სალომე სამადაშვილი გამოსვლებს სიძულვილის ენით გაკეთებულ განცხადებებს უწოდებს.
"ქართულ ოცნებას" ეჭვი ეპარება, რომ ის მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, ვინც კიდევ შერჩა, საერთოდ აპირებენ თუ არა არჩევნებზე მისვლას და ფიქრობს, რომ ამჯერზე მორიგი ტყუილი, რაც შეეხება ოპოზიციის განადგურებას ამ სიძულვილის ენით, ეგებ, შეკრიბოს ხალხი არჩევნებზე,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.