ეს არის გარედან მართული ძალა, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მზადაა, ქვეყანა ჩართოს ომში და მე ამას შემთხვევით არ ვამბობ. ისევ მათი განცხადებებიდან გამომდინარე ვლაპარაკობ. - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ოპოზიციას დღეს წარმოადგენს კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
"ეს არის ყველაზე ბოროტი ძალა. ყველა შეკრებილი, ვინც არის იქ, ყველაფრის მკადრებლები არიან ქვეყნის წინააღმდეგ. როცა აგენტი ხარ, როგორ შეიძლება იფიქრო სამშობლოზე, შენს ქვეყანაზე, შენი ქვეყნის მოსახლეობაზე? ეს მათ დაამტკიცეს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის მიმართ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" ნათელი მაგალითია იმისა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი.
ოპოზიციაში განა გამოსწორდნენ. ადამიანები ვართ, ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, მოიბოდიშოს. არა, პირიქით – იმავეს აგრძელებენ, უბრალოდ ნაკლები რესურსი აქვთ. ბულინგი, შეურაცხყოფა, თუკი რაიმე სიბინძურე არსებობს, ყველაფრის მკადრებლები არიან.
გაერთიანებებზეც რა უნდა გითხრათ, მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, რა გაერთიანებაზეა საუბარი? კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ერთია, ეს არის აგენტურა, მოღალატეობრივი დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან, შენიღბული არიან ვითომდა რაღაც დემოკრატიით და ევროპულობით, არადა, ფაშისტები არიან. ეს არის რეალობა და ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს მათ 26 ოქტომბერს", – განაცხადა თბილისის მერმა.