"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ "ქართული ოცნებისა" და მისი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო გზავნილები შეაფასა. მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი აირჩევს ერთიანობას და არა იმ ძალას, რომელიც მის გაყოფასა და გახლეჩას ცდილობს.
"არჩევანი ძალიან მარტივია - ერთიანობა, თუ გახლეჩა და დაპირისპირება, რომელსაც "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს. მე დარწმუნებული ვარ, საქართველო აირჩევს ერთიანობას, ქართველი ხალხი გააკეთებს ისტორიულ არჩევანს და ძალა, რომელიც გვყოფს და აპირისპირებს ქართველებს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოდან ქართველი წავიდეს, ვერ დარჩება ხელისუფლებაში," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
შეგახსენებთ, რომ ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რისთვის უნდა გააკეთოს მოსახლეობამ 26 ოქტომბერს ისტორიული არჩევანი და რისთვის სჭირდება "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა.
მისი სიტყვებით, ეს არის გარანტირებული, გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება, ქართული პოლიტიკიდან "ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშორება, ჩადენილი დანაშაულებისთვის პარტიის გასამართლება და დასჯა, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", კონსტიტუციური კანონპროექტის მიღება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი გააკეთა მეოთხე პუნქტზეც, რომელსაც "ოცნება" საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.