"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებთან დაკავშირებით, ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომა გაიმართება.
საქმეს სასამართლოს პლენუმი განიხილავს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს.
კონსტიტუციური სარჩელების ავტორები ასევე ითხოვენ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერებას.
"ქართული ოცნების" შეფასებით, ეს სარჩელი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა კი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და პრეზიდენტის საერთო გეგმისა და ინტერესების ლუსტრაცია მოახდინა. შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც.
პარლამენტის წევრი, პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” თამარ კორძაია აცხადებს, რომ კანონის სრულად ამოქმედება ქვეყანას გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს.
"ყველანაირად ვეცდებით ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს დავუსაბუთოთ რისკები, რაც მოჰყვება კანონის სრულად ამოქმედებას. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად არ შეაჩერებს კანონის მოქმედებას, ეს გამოიწვევს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის და საქართველოს დემოკრატიისთვის გამოუსწორებელ ზიანს,"- აცხადებს თამარ კორძაია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრის თეონა აქუბარდიას თქმით კი, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლო დადგეს ქვეყნის და საგარეო კურსის მხარეს.
"მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ ისარგებლოს შესაძლებლობით, რომ დადგეს კონსტიტუციისა და ქვეყნის გაცხადებული საგარეო კურსის მხარეს და არ იყოს გავლენის ქვეშ. ერთადერთს ვეტყოდი "ქართულ ოცნებას" - მათი მხრიდან რაიმე სახის საუბარი "ნაციონალური მოძრაობის კრებით სახელწოდებასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი უტიფრობა და ტყუილია,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.