16 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
საქართველოს წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, ერთადერთი იარაღი ქართველ ხალხს და საქართველოს აქვს გამჭვირვალობა და სიმართლის თქმა- გურამ მაჭარაშვილი

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებთან დაკავშირებით, ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომა გაიმართება.

საქმეს სასამართლოს პლენუმი განიხილავს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს.

კონსტიტუციური სარჩელების ავტორები ასევე ითხოვენ საბოლოო გადაწყვეტილებამდე სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერებას.

"ქართული ოცნების" შეფასებით, ეს სარჩელი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა კი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და პრეზიდენტის საერთო გეგმისა და ინტერესების ლუსტრაცია მოახდინა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილის თქმით, ვინც გამჭვირვალობის კანონს ებრძვის, საქართველოს ერთადერთ თავდაცვის იარაღს ართმევს.

"საქართველოს წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, ერთადერთი იარაღი ქართველ ხალხს და საქართველოს აქვს გამჭვირვალობა და სიმართლის თქმა. ამ კანონმა სწორედ ეს გააკეთა, რომ შეაჩერა ის უცხოური ძალები, რომლებსაც უნდოდათ მეორე ფრონტი. როდესაც შენ მიდიხარ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ და საკონსტიტუციო სასამართლოში შეგაქვს სარჩელი, იმ იარაღის გაუქმებაზე, რომელიც არის საქართველოს ხელში და რომლის გაუქმებაც უცხოურ ძალას მისცემს საშუალებას, რომ საქართველო დაამარცხოს, სწორედ ამას ჰქვია მოღალატეობრივი ქმედება,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები