31 აგვისტოს თბილისში დაგეგმილი დემოკრატიის ფესტივალი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს - ამის შესახებ განცხადებები მმართველ გუნდში კეთდება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ღონისძიება უკვე ოფიციალურად არის პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტის მიერ დაგეგმილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საქმიანობისგან. აქვე, გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ლევან ცუცქირიძეს ახსენებს.
"აქ წმინდა სამართლებრივი საკითხია. არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საქმიანობისგან. ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშია შემოჭრილი, თავად ცუცქირიძემაც კარგად იცის, პოლიტიკურ ველზეა გამოსული და ამას არ მალავს თვითონ. რასაკვირველია, აქ გამჭვირვალობა უნდა იყოს. გადადგეს და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას დაანებოს თავი და მთლიანად გადმოერთოს პოლიტიკაზე. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ანგარიში, საიდან აქვს თანხა და რა თანხას ხარჯავს, ისე, როგორც წარმოადგენს ანგარიშს ყველა სხვა პოლიტიკური სუბიექტი. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ პოლიტიკაში არ უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული. დანიის საელჩოს ან არ აქვს ცოდნა ან არ აკეთებს განმარტებას. საპირისპირო უნდა დაამტკიცონ, ან უნდა აღიარონ, რომ სწორედაც, დანიის სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ფულს ხარჯავს ქართულ პოლიტიკაში," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს თბილისში დემოკრატიის ფესტივალი გაიმართება. "დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის" მხარდაჭერით ეს იქნება მეოთხე ღონისძიება, რომელსაც წალენჯიხის, თელავის და ქუთაისის შემდეგ, ამჯერად დედაქალაქი უმასპინძლებს.