19 სექტემბერი 2024,   08:50
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ სანამ მოხდება პრეზიდენტთან შეხვედრა, ორი ადამიანი დაელაპარაკოს ერთმანეთს - ანა ნაცვლიშვილი ხაზარაძე-გახარიას პრეზიდენტთან შეხვედრაზე

დღეს, სავარაუდოდ, გახარია-ხაზარაძის შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში აღარ შედგება, რომელიც გუშინ პრეზიდენტმა 15:00 საათზე დანიშნა. ცოტა ხნის წინ, "ლელოს" ლიდერმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჯერ გახარიას პირადად უნდა შეხვდეს.

ხაზარაძე აცხადებს, რომ გახარიას პირადი შეტყობინება გაუგზავნა და შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა ერთი-ერთზე შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება.

სალომე ზურაბიშვილი კი წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს დღეს, 15:00 საათზე ორბელიანების სასახლეში ელოდება.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, კოალიცია ”ძლიერი საქართველოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ლელო" პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ფორმატის მიმართ პატივისცემით არის განწყობილი, თუმცა მანამდე ხაზარაძე-გახარია პირადად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.

"მნიშვნელოვანია, რომ სანამ მოხდება პრეზიდენტთან შეხვედრა, ორი ადამიანი დაელაპარაკოს ერთმანეთს. დღეს, რამდენადაც ნახეთ, მამუკა ხაზარაძის განცხადებით დღეს ეს შეხვედრა ვერ შედგება. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, პრეზიდენტის შემოთავაზებული ფორმატის მიმართ პატივისცემით ვართ განწყობილი, ის მიგვაჩნია მნიშვნელოვნად და აუცილებლად. უკვე დღეს ძალიან ცხადია, ყველა საზოგადოებრივი არის გამოკითხვით ბიძინა ივანიშვილი მარცხდება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ზურაბიშვილის შეთავაზებას გარედან მიღებულ კიდევ ერთი დირექტივად აფასებენ მმართველ გუნდში. მათივე თქმით, ლელო და გახარიას პარტია 5 პროცენტიან ბარიერს ვერ ლახავენ, რის გამოც შესაძლოა გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღონ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები