19 სექტემბერი 2024,   21:36
ვრცლად
აშშ-ის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად არ შეესაბამება სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულებას, პირიქით - მიმართულია ურთიერთობების გაუარესებისკენ - მაკა ბოჭორიშვილი

დადგება თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობა? როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს ვაშინგტონის ბოლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე? თემაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ უმრავლესობაში.

მმართველი გუნდი განმარტავს, რომ პარტნიორული ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს. შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქისთვის დამატებითი ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის პოზიცია ორი დღის წინ, ამერიკის ელჩს შეხვედრაზე განუმარტა და ღია კითხვებზე პასუხები მოითხოვა. ითქვა, რომ კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა მოხდეს. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის, რეალურად, კონტრპროდუქტიულია.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ შედეგად, კიდევ უფრო გაძლიერდება საზოგადოების მოტივაცია, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორის ნაბიჯებს არ ჰგავს.

"ის ნაბიჯები, რომელიც აშშ-ის მხრიდან იდგმება, ნამდვილად არ შეესაბამება სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულებას სტრატეგიულ პარტნიორთან. ჩვენ ძალიან აშკარად, ღიად, გახსნილად ვამბობთ, თუ როგორ ვხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებასა და გაღრმავებას. ნაბიჯები, რომელიც ამის საპასუხოდ იდგმება, ნამდვილად არ ემსახურება ამ მიზანს. პირიქით - მიმართულია ურთიერთობების გაუარესებისკენ," - აცხადებს ბოჭორიშვილი.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის თქმით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღება გულდასაწყვეტია.

"უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღება ჩვენთვის ყოველთვის გულდასაწყვეტი იქნება. ეს, შესაძლოა, ჩავთვალოთ წითელ ხაზთან მიახლოებად და როდესაც ვინმე წითელ ხაზს მიუახლოვდება, შეგვიძლია ორმხრივი ურთიერთობების გადალახვა,"- აცხადებს გორდულაძე.

დღის ამბები