19 სექტემბერი 2024,   21:37
ვრცლად
"გარკვეული შეთანხმებები შედგა, არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია" - სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, გაერთიანდებიან თუ არა გახარია და ხაზარაძე

სავარაუდოდ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი, გაერთიანდებიან თუ არა ყოფილი ბანკირი და ყოფილი პრემიერი. გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლე გვიან ღამით დატოვეს. გახარიას თქმით, გარკვეული შეთანხმებები უკვე შედგა, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.

"გარკვეული შეთანხმებები შედგა. არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია. დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა პარიტეტის საკითხს, რომელიც, სამწუხაროდ, როგორც უნდა დალაგებულიყო, ისე ვერ დალაგდა. თუმცა, რაღაცნაირად, გამოსავალი ვნახეთ. ახლა კიდევ არის საკითხები, ცოტა უფრო კონკრეტული, რომელიც, იმედი მაქვს, რომ დღის განმავლობაში დასრულდება,"- აცხადებს გიორგი გახარია.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განმარტებით კი, მოლაპარაკება მარტივი არაა და საუბარი, ამ ეტაპზე, სიებსა ან თანამდებობებზე არ ყოფილა.

"არ არის მარტივი მოლაპარაკება. შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე, მინდა ვთქვა, რომ თანამდებობაზე, სიებზე საუბარი არ არის. აქ არის ლაპარაკი, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ "ქართული ოცნება". რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძველი ხელისუფლება არ დაბრუნდეს და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე დაიწყოს ის რეფორმები, რომელიც ქარტიით არის განსაზღვრული", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები