19 სექტემბერი 2024,   08:59
ვრცლად
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად - ცესკო

ცესკოს განმარტებით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების სწორი ინფორმირება საკანონმდებლო რეგულაციების, საარჩევნო უბნების შექმნისა და სხვა პროცედურების შესახებ.

"არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.geoconsul.gov.ge.

იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში. რის შემდეგაც მას ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 თვისა (26 სექტემბერი) არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში.” - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა.

 

დღის ამბები