19 სექტემბერი 2024,   09:10
ვრცლად
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა გადის მხოლოდ მშვიდობიან თანაარსებობაზე, ურთიერთმიტევებასა და ერთმანეთის მიმართ ნდობის ხიდების აღდგენაზე - ირაკლი ქადაგიშვილი

"გორში შეხვედრისას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიერ გაკეთებული მნიშვნელოვანი გზავნილები არის ქართული პოლიტიკის ფუნდამენტური შემოტრიალება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოში სამოქალაქო ერთიანობის აღდგენისაკენ. სწორედ ეს არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის და საქართველოს გაერთიანების ფუნდამენტური მიმართულება", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, თუ საქართველოს ისტორიულ პერსპექტივაში გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა - ეს შესაძლებლობა გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან თანაარსებობაზე, ურთიერთმიტევებაზე და ერთმანეთის მიმართ ნდობის ხიდების აღდგენაზე.

"მხოლოდ ეს არის უალტერნატივო გზა, რითაც საქართველოს შეუძლია თავისი ყველაზე დიდი და მთავარი ისტორიული მისია შეასრულოს და აღადგინოს მისი ერთიანობა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, არსებობს ალტერნატიული გზაც, ოღონდ ეს გზა არის აბსოლუტური ჩიხი და დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საბოლოო განადგურება.

"ეს არის ომის გზა და დღეს ჩვენ ამ გზაზე ვხედავთ თუ როგორ მკაფიოდ იკვეთება ორი განსხვავებული ხედვა - ხედვა "ქართული ოცნებისა", რომელიც გადის მშვიდობაზე, რომელიც გადის თანამშრომლობაზე, რომელიც გადის ურთიერთმიტევებაზე და სიტყვა - ბოდიში ამ შემთხვევაში, მიტევების და ურთიერთნდობის აღდგენის აუცილებელი პირობაა. მაგრამ ვხედავთ, რომ არსებობს ომის პარტია "ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტები, რომელთათვისაც კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს აი ამ დიდი შემოტრიალების და დიდი გზის რეალიზაცია. ჩვენ ვხედავთ როგორი ისტერიით შეხვდნენ ისინი ამ მთავარ გზავნილს, კონტექსტიდან ამოგდებული სიტყვით. ისინი ამოეფარნენ იმ გმირებს, რომლებიც ცოცხლები ჯერ ბრძოლის ველზე მიატოვეს და შემდეგ უკვე მიცვალებულებისთვისაც ვეღარ მოიცალეს, რადგან შორეულ საზღვარგარეთ გარბოდნენ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის ფუნდამენტური გზავნილი - მომავალი ერთობის, მომავალი ინტეგრაციის და ერთ დიდ ქართულ სახელმწიფოში თანაცხოვრების.

"ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც გაცხადებული პოლიტიკა აქვთ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი პოლიტიკის გატარების მცდელობა და რეალიზება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით - ღიად გამოხატავენ თავის დადებით დამოკიდებულებას საქართველოს მიერ გაცხადებულ ამ მკაფიო პოლიტიკის მიმართ და ამით იმ სპეკულაციებს, რომელიც სწორედ, პოლარიზაციის გასაღრმავებლად, სამშვიდობო პროცესის დაწყების თავიდანვე ჩასაკლავად არის მოწოდებული, რასაც ახლა "ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები აკეთებენ - იქნება გაშიფრული და უგულებელყოფილი. იმედი მაქვს, რომ მათგან ეს გზავნილები მკაფიოდ იქნება ნათქვამი და საქართველოს ამ პოლიტიკას რეალური მხარდაჭერა ექნება. ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გზა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობას ესმის ამ გზის უალტერნატივობა და მხარდაჭერა ამ გზის მიმართ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები