23 სექტემბერი 2024,   17:07
ვრცლად
აშშ ღიად სთავაზობდა "ქართულ ოცნებას" უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას, თავისუფალი ვაჭრობის წინაპირობებზე მუშაობას, ასევე, თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას, თუ დაუბრუნდებოდა დემოკრატიის გზას - თეონა აქუბარდია

"ქართული ოცნება" სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მუქარის პოლიტიკაზე საუბრობს. შეფასებებში მმართველ გუნდს არ ეთანხმება ოპოზიცია. საუბარია ვაშინგტონის ბოლო დროინდელ გზავნილებზე.

პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, დასავლელ პარტნიორებს რეაქცია აქვთ იმ ქმედებებზე, რასაც საქართველოში მმართველი გუნდის წევრები აკეთებენ.

"ყველანაირი კონსპირაციული თემის შემოტანა ამ საუბარში არის აბსოლუტურად მცდარი. არსებობს კონკრეტული დანაშაულები, რომელსაც სჩადის და აგრძელებს სამწუხაროდ ივანიშვილის მთავრობა," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

"გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით კი, "ქართულმა ოცნებამ" უარყო ქართველი ხალხის ნება და გადაუხვია, მისი შეფასებით დემოკრატიულ პროცესებს, რასაც შესაბამისი რეაგირება აქვს:

"შეერთებული შტატები სთავაზობდა ღიად "ქართულ ოცნებას" უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას, ეკონომიკის კუთხით, თავისუფალი ვაჭრობის წინაპირობებზე მუშაობას, ისევე როგორც თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას, იმ შემთხვევაში თუ დაუბრუნდებოდა დემოკრატიის გზას. ვითარებაში, როდესაც თავად "ქართულმა ოცნებამ" უარყო ქართველი ხალხის ნება ვიყოთ დემოკრატიულები და ევროკავშირის წევრები, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის მხარდაჭერა არის, როგორც ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტი, ისევე "მეგობარი აქტი," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ექვსი სენატორის მიერ შემუშავებულ ინიციატივას სახელწოდებით, "ქართველი ხალხის აქტი- საბოლოო შესწორებისთვის 25 სექტემბერს განიხილავენ, ამის შემდეგ კანონპროექტს სენატში კენჭს უყრიან. ორპარტიული წინადადება დააინიცირეს მაისში, საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის დამტკიცების პასუხად. ინიციატივა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს. სენატში განხილვას წინ უძღვის "ამერიკის ხმის" მიერ გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის მიხედვით, შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა.

დღის ამბები