პრეზიდენტის შეთავაზების შესახებ, ტექნიკური მთავრობის ფორმირების იდეასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი "ნაცმოძრაობის" ლიდერია.
"ეს სისხლის ლაქები, რომელიც საქართველოს ამჩნევია, მათ შორის რუსთაველის პროსპექტს, ჯერ არ გასულა. არც ის ჭრილობები შეხორცებულა და სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელის როლს ასრულებს ამ სისხლის ლაქებზე, რომ არ ჩანდეს, რაც დახვეწილი მეთოდი იყო მაშინ, როცა ხალხს აწამებდნენ. დღეს, ის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ლიდერია. წმინდა პოლიტიკური მოღვაწეა," - აცხადებს გია ვოლსკი.
სალომე ზურაბიშვილი ქარტიის ხელმომწერებს ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის იხმობს. ამჯერად, კოალიციის ნაცვლად, საუბარია ტექნიკურ მთავრობაზე, რიგგარეშე არჩევნებსა და ე.წ. გარდამავალი პერიოდისთვის მზადებაზე. შეხვედრის პირველი რაუნდი სწორედ ქარტიაზე მსჯელობით გაიხსნა, თუმცა ირკვევა, რომ დოკუმენტის ყველა პუნქტის ერთგული ყველა ხელმომწერი არ არის.