07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
"პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული, სწორი და ძალიან რაციონალური, კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა" - ნიკა გვარამია

პრეზიდენტი ოპოზიციასთან შეხვედრებს განაგრძობს - განიხილავენ ე.წ. ტექნიკური მთავრობის იდეას და სავარაუდო შემადგენლობასაც - მათ შორის, საუბარია პრემიერმინისტრობის კანდიდატზე.

ორბელიანების სასახლეში დღეს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები იყვნენ - მათი თქმით, პრეზიდენტთან კონკრეტული კანდიდატურების განხილვა არ ყოფილა და მოლაპარაკება სამოქმედო ფორმულაზე შეჯერების მიზნით მიმდინარეობს.

"პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული, სწორი და ძალიან რაციონალური. კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ ამგვარი რამ მოხდეს და ჩვენი შეთანხმებაც ამასთან დაკავშირებით იყოს. მთავარია, რომ ეს არის გარდამავალი, ტექნიკური, მცირე დროით არჩეული ადმინისტრაცია... მოდი, ასე დავარქვათ, თუ ვინმეს მთავრობა არ მოსწონს, რომელიც ქვეყანაში, ოპოზიციასაც, მათ შორის, მისცემს მეტ დროს, რომ მოხდეს შეთანხმებული, სინქრონული მოქმედება,“ - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია.

ამავე კოალიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი - ნიკა მელია ამბობს, რომ საუბრების შედეგს საზოგადოება უახლოეს პერიოდში გაიგებს.

"მნიშვნელოვანია ჩვენთვის - "კოალიცია ცვლილებისთვის" და სხვებისთვისაც დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან მალევე, და ვგულისხმობ დღეებს, მოხდეს სტაბილურად ქვეყნის განვითარება. აუცილებლობაც და ვალდებულებაც არის, ვიფიქროთ მომდევნო დღეებზე, რომ სწრაფად დაიწყოს ქვეყნის განვითარება და იმ ქარტიის შესრულება, რომელშიც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პუნქტებია გაწერილი. ამასთან დაკავშირებით, იყო ძალიან კონკრეტული საუბარი და ვფიქრობ, ამ საუბრების შედეგს საზოგადოება უახლოეს პერიოდში გაიგებს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები