10 ოქტომბერი 2024,   11:23
ვრცლად
ეკონომიკური სანქცია რუსეთისთვის საქართველოს მხრიდან არაფერს წარმოადგენს, მიზერია მის ეკონომიკაში, მაგრამ საქართველოსთვის ეს იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტი - გია ვოლსკი

რა შედეგები მოჰყვება საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას - სტრასბურგის მოთხოვნაზე მეორე დღეა თბილისში შეფასებები კეთდება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სანქციებზე მიერთებით სამხედრო და პოლიტიკური საფრთხეების გარდა, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგება საქართველოს ეკონომიკაც. სახელდება ქართული ეკონომიკის მოსალოდნელი ზარალიც - სულ ცოტა 14 მილიარდი ლარი.

საქართველოს მიერ რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას სტრასბურგი უკრაინაში მიმდინარე აგრესიის საპასუხოდ ითხოვს. დოკუმენტში წერია, რომ ამ ფორმით საქართველო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და სტრატეგიასთან თანხვედრაში მოვა. თუმცა, ტექსტში არაფერია ნათქვამი შესაძლო რისკების დამზღვევ მექანიზმებზე.

მმართველი გუნდი რეზოლუციას ანტიქართულად მოიხსენიებს.

"საქართველოსთვის ეს დამღუპველი აღმოჩნდება, ვინაიდან ეკონომიკური სანქცია რუსეთისათვის საქართველოს მხრიდან არაფერს წარმოადგენს, მიზერია მთლიან მის ეკონომიკაში, მაგრამ საქართველოსთვის ეს იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტის მქონე. უფრო მეტიც, ეს აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ასე რომ, ჩვენ ამ რეზოლუციას განვიხილავთ როგორც ანტიქართულს", - აცხადებს pარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

 

დღის ამბები