16 ნოემბერი 2024,   23:53
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ, 2028 წლისთვის კი 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება - 28 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც 2028 წელს 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს

"ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის უმთავრეს შედეგებზე ისაუბრა.

მან ისაუბრა 2012 წელს სხვადასხვა სფეროში არსებულ ვითარებასა და ახლანდელ გაუმჯობესებულ მონაცემებზე და აღნიშნა, რომ უმძიმესი მემკვიდრეობის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად შეძლო ქვეყნის განვითარების სწორი მიმართულებით შემოტრიალება.

"2012 წელს მხოლოდ 28 მილიარდი ლარი იყო საქართველოს ეკონომიკა და 8.5 მილიარდი ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი. უმუშევრობა შეადგენდა 28 პროცენტს, საშუალო ხელფასი კი - 712.5 ლარს შეადგენდა. სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1,120,000 ჩვენი თანამოქალაქე. არ არსებობდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მოშლილი იყო ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ა.შ. უმძიმესი მემკვიდრეობის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად შეძლო ქვეყნის განვითარების სწორი მიმართულებით შემოტრიალება: ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ, 2028 წლისთვის კი, ჩვენი პროგრამის მიხედვით, 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება; 8.5 მილიარდი ლარიდან 28 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც 2028 წელს 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს;

გავანახევრეთ უმუშევრობა. მხოლოდ ბოლო 2.5 წელიწადში შეიქმნა 170,000 სამუშაო ადგილი ქვეყანაში, 2028 წლის ჩათვლით კი, დამატებით 200,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება; ხელფასი როგორც უკვე ვთქვი იყო 712.5 ლარი 2012 წელს და საშუალო ხელფასმა უკვე გადააჭარბა 2000 ლარს ქვეყანაში, რომელიც 2028 წელს 3,500 ლარს მიაღწევს; 2012 წლის შემდეგ, 680 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე, ხოლო 2028 წლის ჩათვლით, სიღარიბეს დამატებით 300,000-მდე ადამიანი დაძლევს სიღარიბე 4 %-ს ჩამოსცდება; მხოლოდ გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში, 5 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კი, დამატებით 9 მილიარდი დოლარის უცხოურ ინვესტიციებს მოვიზიდავთ;

თქვენ გახსოვთ წინა ხელისუფლება თავს იწონებდა ინფრასტრუქტურის მშენებლობით და მე მინდა გითხრათ, რომ 2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული, 2012 წლის შემდეგ კი, ქვეყანაში 300 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა. უკვე მომავალ წელს დასრულდება თბილისი-ბათუმის ავტობანის მშენებლობა, რის შემდეგაც ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობის დრო 3 საათამდე შემცირდება. ასევე, მომავალ წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაც; სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო და გაფართოვდა 800 საწარმო. ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გაგრძელდება ბიზნესის მხარდაჭერა, დამატებით ასობით ახალ საწარმოს და 70,000 სამუშაო ადგილს შევქმნით;

სახელმწიფოს მხარდაჭერით, 2012 წლის შემდეგ, 2-ჯერ გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთლიანობაში 3 მილიარდი გამოიყოფა; სწრაფი ტემპით ვითარდება ტურიზმი, რაც აჭარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2028 წლისთვის ვიზიტორების რაოდენობა 11 მილიონს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს; 2030 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 3-ჯერ გადააჭარბებს 2012 წლის მაჩვენებელს და საქართველო გახდება, ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით, სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა;

2 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა რეგიონული განვითარების ფონდისთვის, 400 მილიონი სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, 155 მილიონი მთის ფონდისთვის, ხოლო 200 მილიონი - მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამისთვის; 2012 წლის შემდეგ, 3-ჯერ გავზარდეთ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, რომელთა ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება; 2012 წლის შემდეგ, 3-ჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი და უკვე მომავალ წელს ბუნებრივი აირით მოსახლეობის 93% იქნება უზრუნველყოფილი. 15-ჯერ გაიზარდა სახელმწიფო ინვესტიციები წყალმომარაგებაში. მომავალ წელს 24-საათიან წყალმომარაგებაზე წვდომა ქვეყნის ყველა ქალაქს ექნება;

2012 წლამდე, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, 2012 წლის შემდეგ კი, 109 იუსტიციის სახლი აშენდა, ხოლო მომავალი წლის ბოლომდე დამატებით 12 იუსტიციის სახლი გაიხსნება, რითაც მთელი ქვეყანა დაიფარება სრულად; 2012 წლის შემდეგ, 4 ჯერ გავზარდეთ განათლების დაფინანსება. საბავშვო ბაღები გავხადეთ სრულიად უფასო და შემოვიღეთ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით დავასრულეთ 836 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და დავიწყეთ 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა.

ავაშენეთ 174 სკოლა და დავასრულეთ 1,000-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, მომდევნო 4 წელიწადში კი, 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება; 4-ჯერ გაიზარდა სპორტის დაფინანსება და როგორც მოგეხსენებათ შედეგები სახეზეა, ხვალ ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, სპორტში ჩვენი ინვესტიციების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ბათუმის ახალი სტადიონია. შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ საფეხბურთო ტრადიციების მქონე ეს ქალაქი სტადიონის საერთოდ გარეშე დატოვა, დაანგრიეს ის სტადიონი, რომელიც ქალაქს ჰქონდა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბათუმისთვის ახალი, ულამაზესი სტადიონი არ ააშენა;

ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიღო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი პროგრამები. 4-ჯერ გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი და ჯანდაცვის დაფინანსება. შედეგად, 5-ჯერ გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა, 72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების რაოდენობა. 5-ჯერ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი. 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები. 1 იანვრიდან, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 350 ლარი, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერთათვის - 450 ლარი გახდება. შესაბამისად, 420 და 540 ლარამდე გაიზრდება პენსიები მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის. 35,000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი, ხოლო მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, საცხოვრისს დამატებით 6,000 დევნილი ოჯახი მიიღებს. ეს არის ჩვენი მიღწევებისა და 4-წლიანი გეგმების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები