შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რამხელა სხვაობაა ტერორითა და დაშინებით დაძაბუნებულ ძველ და დღევანდელ, სიცოცხლით სავსე ბათუმსა და აჭარას შორის.
-ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ბათუმში, "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსლისას განაცხადა.
"რეალურად, ამ ულამაზესი ქალაქის და ბათუმელების კეთილდღეობის ხარჯზე, ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ვიწრო ჯგუფი მდიდრდებოდა მხოლოდ.
12 წლის წინ დაგპირდით, რომ ბათუმს და მთლიანად აჭარას, ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ ცენტრად, საქართველოს გამორჩეულ საკურორტო, ზღვისპირა კუთხედ და ქალაქად ვაქცევდით!
ასეც მოხდა და ამ ყველაფერს თქვენ საკუთარი თვალით კარგად ხედავთ!
უკვე წლებია აჭარაში ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან. ამასთანავე, აჭარლებს მივეცით შესაძლებლობა, ჰქონდეთ მცირე და საშუალო ბიზნესი, აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, უმასპინძლონ სტუმრებს და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ!
შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რამხელა სხვაობაა ტერორითა და დაშინებით დაძაბუნებულ ძველ და დღევანდელ, სიცოცხლით სავსე ბათუმსა და აჭარას შორის.
ამ უდიდესი პროგრესის მიუხედავად, რომელიც არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში იგრძნობა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მოქმედების მთავარი მახასიათებელი უწინაც და ახლაც საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირების გაღვივებაა, ნებისმიერ, მათ შორის, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ფასად ცდილობს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.