12 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
ერთად მოუწევთ იზეიმონ მორიგი, მეცხრე მარცხი, რასაც განიცდის კოლექტიური ნაცმოძრაობა, წინასწარ ვულოცავ ამ მორიგ მარცხს სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობარ პარტიას - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს ეხმაურება. მისი განცხადებით, პრეზიდენტის ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, პირდაპირ და უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს. მათ ერთად მოუწევთ იზეიმონ მორიგი მარცხი - აღნიშნავს პრემიერი. 

"ამ ადამიანებს ჰყავთ ერთი პატრონი, სალომე ზურაბიშვილი არის ერთ-ერთი პატარა რგოლი იმ პოლიტიკურ ძალაში, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. აქ ერთი ფაქტორი არის მნიშვნელოვანი, მის ჩართულობას ვერავითარი გავლება ვერ ექნება საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე, მაგრამ აუცილებლად, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში, კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, პირდაპირ და უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს.

ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო სისტემაშიც, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, არის ეუთო/ოდრის არა ერთი დასკვნა, სადაც გაკრიტიკებულია პრეზიდენტის ჩართულობა საარჩევნო პროცესებში, კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ, სხვა ქვეყნების მაგალითებზე მაქვს საუბარი.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამაზეც გამახვილდება ყურადღება, მით უმეტეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა 26 ოქტომბერს რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური ნაცმოძრაობის საარჩევნო შტაბის გახსნა საქართველოს პრეზიდენტის ოფისში. სახელმწიფო ინსტიტუტის შენობას, პრეზიდენტის ინსტიტუტის შენობას იყენებს იმისათვის, რომ გაიხსნას კოლექტიური ნაცმოძრაობის საარჩევნო შტაბი. ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებაო, ასეთი განცხადება გააკეთა, სინამდვილეში, ერთად მოუწევთ იზეიმონ მორიგი, მეცხრე მარცხი, რასაც განიცდის კოლექტიური ნაცმოძრაობა. წინასწარ ვულოცავ ამ მორიგ მარცხს სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობარ პარტიას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები