16 ნოემბერი 2024,   23:56
ვრცლად
პარლამენტის წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე აჭარაში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ოჯახის სიწმინდისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს გამოეხმაურა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ- ერთი უძველესი და ძალიან ტოლერანტი ერია. მისი განმარტებით, ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი არავის ჩაგრავს განსხვავებული შეხედულებების გამო.

ზაალ მიქელაძემ განმარტა, რომ ევროპული ღირებულებები და თავისუფლება არის ის, რაც ხელისუფლებას სურს და რისთვისაც 9 აპრილს იბრძოდა ქართველი ხალხი.

„ოჯახის სიწმინდისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხს უნდა შევეხო. რა არის ამ კანონში ცუდი? ვისაც წაუკითხავს, დამეთანხმება - ჩვენ არავის არ ვჩაგრავთ განსხვავებული შეხედულების გამო. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც სცენაზე ტაშს უკრავდა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივიღოთ ის ფაქტი, რომ 12 წლამდე ბავშვს მშობელმა გადაუწყვიტოს და შეუცვალოს სქესი, 12 წელს ზემოთ კი, აბსოლუტურად თავისუფლად გადაწყვიტოს თავად მოზარდმა და საკუთარი ახირების გამო ქირურგიული ან მედიკამენტოზური ჩარევით, შეიცვალოს სქესი პასპორტში. ანატომიაა, არსებობს ორი სქესი, X და Y ქრომოსომის გარდა სხვა არ არსებობს და ამ დროს უცხოელებმა 50-ზე მეტი სქესი შემოგვთავაზეს. უბრალოდ ვერ მივიღებთ ამას. კიდევ უამრავს მოიფიქრებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში დავეთანხმებით.

ჩვენ უარს ევროპაზე კი არ ვამბობთ, პირიქით, ყველანაირად ვცდილობთ ეს ქვეყანა დავაახლოოთ იმ ევროპულ ღირებულებებს, რაზეც ევროპა იყო დაფუძნებული. სხვა ტრადიციებისა და მოწყობის ქვეყანა ვართ და როცა ვიღაც 100 კაცი საპირისპიროს ფიქრობს, მათ ვერ ავყვებით.

ევროპა სხვანაირი გვახსოვს. როცა 9 აპრილს ვიბრძოდით, ვიბრძოდით ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და არა ერთი ვასალური მდგომარეობიდან მეორეში გადასვლისთვის. ჩვენ გვინდოდა ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელსაც ექნებოდა მეგობრობა ყველა მიმართულებით, რადგან ამ ქვეყანას მომავალი მხოლოდ ამ შემთხვევა აქვს- როცა ჰყავს მეგობარი და არა პატრონი.
ჩვენ ერთ-ერთი ძალიან ძველი ისტორიის მქონე და ტოლერანტი ერი ვართ. აჭარაში, გვერდი-გვერდ, ერთ ოჯახში ვცხოვრობთ სხვადასხვა რელიგიის ადამიანები,“- აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

დღის ამბები