სალომე ზურაბიშვილმა საკოორდინაციო შტაბის გახსნა არჩევნების დღისთვის დააანონსა. პრეზიდენტის განცხადებით, მიზანი საარჩევნო პროცესის მონიტორინგია. ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის მომხრეა.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრი, ლანა გალდავა აცხადებს, რომ ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯია.
“ეს ინიციატივა გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯი, ყველა მისი ქმედება, ყველა მისი განცხადება არის კონსტიტუციის შესაბამისი. რაც შეეხება საკოორდინაციო შტაბს, მიგვაჩნია, რომ ესეც არის დადებითი ინიციატივა. სალომე ზურაბიშვილი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური კოალიციის აქტიური ან გამოხატული მხარდამჭერი,“ - აცხადებს ლანა გალდავა.
პარტია “გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი და “ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებენ.
“ჩვენი პრეზიდენტი არის კონსტიტუციის ფეიკ დამრღვევი. სინამდვილეში, ყველაფერი არის შეთანხმებული "ქართულ ოცნებასთან" და ეს ნარატივიც, რომ პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დამრღვევი, ის ჩვენ გვებრძვის, ჩვენ მისი იმპიჩმენტი გვინდა, თავიდან ბოლომდე იყო ტყუილი,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.
ავტორი: ნანა გოგატაძე