16 ნოემბერი 2024,   23:54
ვრცლად
"მთელ ოპოზიციურ სპექტრში, ვინც ქარტიას მოაწერა ხელი და თვითონ უშუალოდ პრეზიდენტიც, სრულიად აზრზე არ არიან, რა ხდება პოლიტიკაში" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

მთელ ოპოზიციურ სპექტრში, ვინც ქარტიას მოაწერა ხელი და თვითონ უშუალოდ პრეზიდენტიც, სრულიად აზრზე არ არიან, რა ხდება პოლიტიკაში, არაფერი არ ესმით პოლიტიკაში - ამის შესახებ პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ქარტია, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, უამრავ კითხვას აჩენდა და მნიშვნელოვან ნაწილებში დეტალური არ არის. რაქვიაშვილის თქმით, ბევრმა მათგანმა ქარტიას წაუკითხავად მოაწერა ხელი.

"რომ გადახედოთ პროცესს, რომელიც ქარტიას ეხებოდა, თავიდან იმით დაიწყო, რომ შედგა დოკუმენტი, რომელიც უამრავ კითხვას აჩენდა, უცნობია, არ არის დეტალური მნიშვნელოვან ნაწილებში და ხალხმა მოაწერა ხელი ისე, რომ არ წაუკითხავს. ზოგმა ასეთი განცხადებაც კი გააკეთა მაშინ, რომ არ წაგვიკითხავს, მაგრამ დაახლოებით ვიცით, რაზეა და ხელს ვაწერთ. დაწყებული ამით, დამთავრებული იმით, თუ რა დრამას ვხედავთ პრემიერობის კანდიდატზე, იმ აბსურდით, რასაც ეძახიან ტექნიკურ და აპოლიტიკურ მთავრობას.

ევროპელებს რომ ჰკითხოთ, მთავრობა როგორ შეიძლება, რომ იყოს აპოლიტიკური, ვინმე გაიგებს საერთოდ ასეთ რაღაცას? დროებით მთავრობას ადამიანი კიდევ გაიგებდა, მაგრამ აპოლიტიკურ მთავრობას ვერ გაიგებდა იმიტომ, რომ მთავრობა თავისი ბუნებით პოლიტიკურია, ვინაიდან პოლიტიკური პროცესის შედეგია და პოლიტიკური პროცესის წარმმართველია.

ეს ყველაფერი რომ ხდება, შეიძლება დავუშვათ, რომ მთელ ოპოზიციურ სპექტრში, ვინც ქარტიას მოაწერა ხელი და თვითონ უშუალოდ პრეზიდენტიც, სრულიად აზრზე არ არიან, რა ხდება პოლიტიკაში, არაფერი არ ესმით პოლიტიკაში და ასეთ უცნაურ, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომებს როცა უშვებს, მგონია ეს უფრო ცუდი შეფასება იქნებოდა, ვიდრე რომ დაუშვა, რომ პრეზიდენტი უბრალოდ შემოგზავნილია ოპოზიციაში, რომ დისკრედიტაცია გააკეთოს.

მე, უბრალოდ, არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი არაადეკვატური სპექტრია პოლიტიკური, რომელსაც, უბრალოდ, არ ემის რას აკეთებს, ან არ ჰყოფნის გამბედაობა.

მაგალითად, თუ მოაწერეს ბოლოს და ბოლოს ხელი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი რომ წარადგინოს პრეზიდენტმა, რატომ არ თანხმდებიან, რომ ეს წინასაარჩევნოდ გააკეთონ. თუ წინასაარჩევნოდ აკეთებენ, თუ საერთო წარმოდგენა აქვთ, მაგალითად, ბიუჯეტს როგორ გაანაწილებენ შემდეგი წლის, პენსიებს რას უზამენ, გადასახადებს როგორ შეცვლიან, მაშინ რაში სჭირდებოდათ 4 პარტია გაერთიანებულიყვნენ ერთ პარტიაში და ერთი სიით გასულიყვნენ, ერთი პრემიერობის კანდიდატით და ა.შ. ყველაფერი აცდენილია ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს და, რაც მთავარია, არანაირი შინაარსი არ არის. პოლიტიკური პროცესი ხომ საჯარო პროცესი უნდა იყოს?! სადღაც კულუარულად, ჩუმად, რაღაც კანდიდატებს ათანხმებენ ან უკვე დიდი ხნის არჩეულს,“ - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები