პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მარშს, სახელწოდებით - "საქართველო ირჩევს ევროპას", "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები აორგანიზებენ.
გარდა ამისა, როგორც გორდულაძე აღნიშნავს, მარშს რეიტინგის არ მქონე "თბილისი პრაიდიც" უერთდება.
"მარშს უერთდება და აორგანიზებს კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", აგენტურის წარმომადგენლები. ქურდს ქუდი ეწვისო, ზუსტად ამ მდგომარეობაში არიან. ამბობენ, თითქოს, არაორგანიზებულია და ყველას ერთ დღეს მოუნდა, რომ ამ მარშზე გამოსულიყო. ასევე, ვნახეთ, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცდილობენ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანონ ხალხი.
ამ მარშს რეიტინგის არ მქონე ორგანიზაციები უერთდებიან, მაგალითად "თბილისი პრაიდი". ყველას კარგად გვახსოვს მათი განცხადებები, როგორ იბრძოდნენ ქართული ეკლესიის, ოჯახების წინააღმდეგ. წლების განმავლობაში რა ქმედებები ჰქონდათ მათ, ყველას კარგად გვახსოვს. სამწუხაროდ, მათი ეს განცხადებებია მათი სახე", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.