21 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
მაია სანდუს განცხადებით, მის მთავრობას 300 000 ხმის მოსყიდვის მტკიცებულებები აქვს, რასაც მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატი უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობას უწოდებს

მოლდოვაში კონსტიტუციის შეცვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულების მიღების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი ბეწვზე კიდია, რადგან ხმები "არა" და "დიახ" თითქმის თანაბარი რაოდენობითაა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რეფერენდუმის კენჭისყრის 97%-ის დათვლის შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი 49.9%-მა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ ამომრჩევლის 50.1%-ი წავიდა. ეს მოულოდნელი შედეგია, რადგან წინასაარჩევნოდ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.

მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ რეფერენდუმში მიღებული შედეგები დაგმო, როგორც მოლდოვას პოლიტიკაში საგარეო ჩარევის შედეგი.

მისი თქმით, ეს იყო "უპრეცედენტო თავდასხმა დემოკრატიაზე". მან ფართოდ გავრცელებული ბრალდებები მოიშველია და აღნიშნა, რომ რუსეთი, ხმის მისაცემად, გარკვეული გზით, მოსახლეობას ფულს უხდის, რასაც მოსკოვი უარყოფს.

გარდა საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმისა, მოლდოველებმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა. კენჭისყრა განიხილებოდა, როგორც ძირითადი გამოცდა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების ან რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნების არჩევანის წინაშე დგას.

მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა, თუმცა მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები - ხმების 41% დააგროვა. არჩევნების მეორე ტური ნოემბრის დასაწყისში იქნება, რომელშიც მისი ოპონენტები, სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ გაერთიანდებიან.

სანდუმ "კრიმინალური ბანდები" "უცხოურ ძალებთან" თანამშრომლობაში და არჩევნების შედეგებზე ფულით, ტყუილით და პროპაგანდით ზემოქმედებაში დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ მის მთავრობას 300 000 ხმის მოსყიდვის "მკაფიო მტკიცებულებები" აქვს, რასაც მან "უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობა" უწოდა.

თავის მხრივ, კრემლი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ მონაწილეობას ხმების მოსყიდვის ბრალდებებში.

დღის ამბები