21 ოქტომბერი 2024,   16:19
ვრცლად
"კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი არ შეიძლება ასე ტოვებდეს პრეზიდენტის თანამდებობას... იმპიჩმენტით დაერქმევა მას თავისი სახელი, როგორც მოღალატე ე.წ. პრეზიდენტს" - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცედურას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მისი სიტყვებით, "კონსტიტუციის დამრღვევ და მოღალატე" პრეზიდენტს იმპიჩმენტის პროცედურა შესაბამის სახელს დაარქმევს.

"დეკემბრის ბოლოს მას ისედაც გადიოდა ვადა, შესაბამისად, დაახლოებით, 1 თვით ეკვეცება მხოლოდ მისი უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს იმპიჩმენტს, თუმცა პრაქტიკული კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი არ შეიძლება ასე ტოვებდეს პრეზიდენტი თანამდებობას, მას უნდა დაერქვას თავისი სახელი და იმპიჩმენტით დაერქმევა მას თავისი სახელი, როგორც მოღალატე ე.წ. პრეზიდენტს.

ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობის სისტემა. მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილის ბევრი არაფრის გაფუჭება არ შეუძლია. შესაბამისად, იმპიჩმენტს აქვს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა - კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი თანამდებობას უნდა ტოვებდეს იმპიჩმენტის წესით," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე სარჩელით მიმართავს. თემაზე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი მსჯელობს. ეს არის ბოლო პროცედურა პარლამენტში, რის შედეგად საკითხი უკვე ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.

სახელისუფლებო პარტია სალომე ზურაბიშვილს კვლავ უნებართვო ვიზიტების გამო ედავება. პრეზიდენტის ვადა მიმდინარე წელს ისედაც იწურება, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათთვის პრინციპული საკითხია, სალომე ზურაბიშვილს გადაყენებული პრეზიდენტი ერქვას.

დღის ამბები