21 ოქტომბერი 2024,   18:50
ვრცლად
"ერთ-ერთი პირველი, რასაც ახლად მოწვეული პარლამენტი გააკეთებს, იქნება ის, რომ ვიმსჯელებთ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე" - გიორგი კახიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, პირველი საკითხი, რასაც ახლად მოწვეული პარლამენტი გადაწყვეტს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იქნება. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას ექნება როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი დატვირთვაც.

"კონსტიტუციურ წარდგინებაში მოყვანილი არის 9 სხვადასხვა ეპიზოდი, როდესაც პრეზიდენტი იმავე საფუძვლით, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე უთხრა მას, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, არღვევს ისევ კონსტიტუციას. ეს არის შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არღვევს იმ თვალსაზრისით, რომ იგი მთავრობის თანხმობის გარეშე სხვადასხვა ვიზიტებს ახორციელებს.

ეს არის პრეზიდენტის მონაწილეობა სხვადასხვა სამიტებში, შეხვედრები სხვადასხვა პრეზიდენტებთან, შეხვედრები ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელებთან - ყველაფერი ეს შესაბამისი მტკიცებულებებით არის გამყარებული. მოლოდინიც იგივეა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტი ისევ აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. ერთ-ერთი პირველი, რასაც ახლად მოწვეული პარლამენტი გააკეთებს, იქნება ის, რომ ჩვენ ვიმსჯელებთ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის სახით უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

ისედაც, დიდი დრო არ დარჩენია საპრეზიდენტო უფლებამოსილების, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ექნება როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი დატვირთვაც," - აცხადებს გიორგი კახიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე სარჩელით მიმართავს. თემაზე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი მსჯელობს. ეს არის ბოლო პროცედურა პარლამენტში, რის შედეგად საკითხი უკვე ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.

სახელისუფლებო პარტია სალომე ზურაბიშვილს კვლავ უნებართვო ვიზიტების გამო ედავება. პრეზიდენტის ვადა მიმდინარე წელს ისედაც იწურება, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათთვის პრინციპული საკითხია, სალომე ზურაბიშვილს გადაყენებული პრეზიდენტი ერქვას.

დღის ამბები