21 ოქტომბერი 2024,   18:49
ვრცლად
კიდევ ერთხელ შევახსენებ ხელისუფლებას, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, "ქართულ ოცნებას", მოახდინონ მყისიერი რეაგირება კანონდარღვევაზე და შეწყვიტონ ამომრჩევლის მოსყიდვა - თამარ კორძაია

საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი დღე რჩება - ამომრჩევლის პირადი მონაცემების შეგროვებაზე ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით ბრალდებები არ წყდება - "ქართული ოცნება" კი ოპონენტებს ისევ მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს.

სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ იმავე განცხადებებით არჩევნების გაყალბებაზე აზრის შექმნას ცდილობდნენ 2020 წლის არჩევნების დროსაც, თუმცა როდესაც გამოძიება დაიწყო, მტკიცებულება არც ერთ პარტიას არ წარუდგენია.

პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ ცნობებსა და გაყალბების მოლოდინებზე დღეს მორიგი განცხადება "სადამკვირვებლო მისია — ჩემი ხმის" სპიკერმა გააკეთა. ამავე შინაარსის განცხადება არაერთხელ გაკეთდა "ნაციონალურ მოძრაობაშიც", სადაც დღეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებებზე ისაუბრეს.

"კიდევ ერთხელ შევახსენებ საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, "ქართულ ოცნებას", მოახდინონ მყისიერი რეაგირება კანონდარღვევაზე და შეწყვიტონ ამომრჩევლის მოსყიდვა. ჩვენ არასდროს არ ვავრცელებთ არანაირ განცხადებას სათანადო გადამოწმების გარეშე, ამიტომ ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება აუცილებლად არის დასაბუთებული. რა თქმა უნდა 2020-შიც გადამოწმებულ ინფორმაციებს ვავრცელებდით," - აცხადებს პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” თამარ კორძაია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”კანონის უზენაესობის ცენტრი” დირექტორი ამბობს, რომ მტკიცებულებების შეგროვება არის საგამოძიებო ორგანოების ვალდებულება, და არა მოქალაქეების საქმე.

"მმართველი პარტიის ხელში ხვდება პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ფლობენ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო უწყებები. როგორც ჩანს ამომრჩეველთა მონაცემები სახელმწიფო უწყებების მიერ გადაეცემა მმართველ პარტიას, რათა მმართველ პარტიას გაუმარტივდეს ამომრჩეველთა მართვა. მტკიცებულებების შეგროვება ზოგადად არ არის მოქალაქეების საქმე, მტკიცებულებების შეგროვება არის საგამოძიებო უწყებების საქმე. საგამოძიებო უწყება ვალდებულია, ეს არ არის მისი კეთილი ნება, დაიწყოს გამოძიება, თვითონ შეაგროვოს მტკიცებულებები და საზოგადოებას უთხრას, არის აქ დანაშაული თუ არ არის აქ დანაშაული," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ”კანონის უზენაესობის ცენტრი” დირექტორი ლონდა თოლორაია.

დღის ამბები