25 ოქტომბერი 2024,   19:07
ვრცლად
"პირადობის თემებზე, რაზეც დღეს აპელირებენ, დღეში 100 ასეთი სპექტაკლის დადგმა შეიძლება, უბრალოდ, ჩვენ მაგას არ ვკადრულობთ და არასდროს ვიკადრებთ" - ლევან მაჭავარიანი

"ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა "დღის კურიერის" ეთერში, წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა. მაჭავარიანი ოპოზიციას ურჩევს, წაიკითხონ ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, სადაც წინასაარჩევნო დარღვევების კონტექსტში მხოლოდ პოლარიზაციაა ნახსენები რაც, მისივე სიტყვებით, სწორედ "კოლექტიური ნაცმოძრაობის" დამსახურებაა.

"ჩვენ მიჩვეულები ვართ - რომ გადახედოთ წინა 12 წელს, ყოველი არჩევნების წინ ერთსა და იმავეს იმეორებენ - არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. პირადობის თემებზე, რაზეც დღეს აპელირებენ, შემიძლია დღეში 100 სპექტაკლი დავდგა ასეთი, უბრალოდ, ჩვენ მაგას არ ვკადრულობთ და არასდროს ვიკადრებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, სადაც არანაირი ასეთი ტიპის პრობლემა არ ასახულა და ერთადერთი პრობლემა, რისი იდენტიფიცირებაც ეუთო/ოდირმა მოახდინა, იყო პოლარიზაცია. სამწუხაროდ, ეს ნამდვილად არსებობს და არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ [ოპოზიციური პარტიები] მხოლოდ რადიკალიზმზე არიან ორიენტირებულები.

წინა რესპონდენტს რომ ვუსმენდი, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" წარმოადგენს, მისი საუბარი ჩვეულებრივი საუბარი არ ყოფილა - ჩხუბობდა. შესაბამისად მათი და მთლიანად, რადიკალური ოპოზიციისა და რადიკალური NGO სექტორის დღის წესრიგი დაფუძნებულია იმაზე, რომ პოლარიზაცია გააღვივონ საზოგადოებაში და მეტი აჟიოტაჟი გამოიწვიონ. თუმცა, ყველა ეს ბრალდება ჰაერიდანაა მოტანილი და, მოდი, ჩახედონ ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას," - აცხადებს მაჭავარიანი.

დღის ამბები