25 ოქტომბერი 2024,   20:19
ვრცლად
მეუფე სპირიდონი: საქართველოში ორი პოლიტიკური ძალაა - ერთი, რომელმაც აკრძალა სოდომია და მისი პროპაგანდა, ინარჩუნებს მშვიდობას და ომში ჩაბმის კატეგორიული წინააღმდეგია, მეორე ძალა სოდომური პროპაგანდის აქტიური მხარდამჭერია და რუსეთთან ომში ჩაბმას ითხოვს

26 ოქტომბრის არჩევნების უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებისათვის, ვალდებულად ჩავთვალეთ ჩვენი თავი, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული განცხადება გავაკეთოთ. „„არ არსებობს მშვიდობა ბოროტეულთათვის“ - ამას იტყვის უფალი“, ასე ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი. ჩვენი ერის ცხოვრებაში, ეს ახლა ზუსტად ჩვენს თვალწინ დევს, - ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა, ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ახლა ორი პოლიტიკური ძალაა, რომელთაგან ერთი, უკვე 12 წელია ინარჩუნებს მშვიდობას, კრძალავს ლგბტ პროპაგანდას და ზეწოლის მიუხედავად, რუსეთთან ომში ჩაბმის წინააღმდეგია, ხოლო მეორე ძალა სოდომური პროპაგანდის აქტიური მხარდამჭერია და მათი პირდაპირი მოწოდებაა ომში ჩაბმა, რადგან ამას მათგან უცხოელი პატრონები ითხოვენ.

„თუ ქვეყანა და ერი ცოდვაში ვარდება და ცოდვაში ბოროტეული ხდება - ის მშვიდობას კარგავს. ამას ამბობს ორჯერ ესაია წინასწარმეტყველი. ჩვენს თვალწინ არის ახლა ეს ყველაფერი - საქართველოში ახლა არის ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა, ერთი, რომელმაც აკრძალა საქართველოში სოდომია და მისი პროპაგანდა და რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას უკვე 12 წელიწადია და რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია ომში ჩაბმის. საშინელი ზეწოლაა მასზე, რომ რუსეთთან ომში ჩაებას და ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არის მმართველი პარტია, დღეს ინარჩუნებს მშვიდობას და უარს ეუბნება მათ საშინელ, საქართველოსთვის გამანადგურებელ და დამანგრეველ ომში ჩაბმაზე და გვაქვს მშვიდობა.

მეორე ძალა არის ძალა, რომელიც არის აქტიური მხარდამჭერი სოდომური პროპაგანდის, ტრანსგენდერობის, თქვენ ეს მოვლენები თქვენი თვალით ნახეთ, რომელმაც მემორანდუმი გააფორმა სოდომურ ძალებთან, „გეი-პარტიებს“ ეძახიან მაგათ და პირდაპირი მოწოდება აქვთ მათ და ითხოვენ, საქართველო რომ ომში ჩაებას რუსეთთან, ანუ საქართველო ჩაებას დამანგრეველ ომში და მიიღოს განადგურება. ხედავთ თქვენ, უკრაინას რა უქნეს და ჩვენ უკრაინაზე ოცჯერ პატარა ვართ, ასე არ არის?! ამიტომ, ნახეთ რა ხდება: ზუსტად ესაია წინასწარმეტყველის სიტყვების სიცხადეა ეს, იმიტომ, რომ უფლის სიტყვაა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, თუ დაუჭერს ქართველი ხალხი მხარს ამ სოდომიის პროპაგანდის, ლგბტ პროპაგანდის და ტრანსგენდერობის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალას, ამ პარტიებს - ის იმ წუთშივე ომს მიიღებს ესაია წინასწარმეტყველის თანახმად და საქმეც მაგას აჩვენებს, იმიტომ, რომ ზუსტად ის პარტიები ითხოვენ საქართველოს ომში ჩაბმას. ისინი პირდაპირ ჩააბამენ საქართველოს რუსეთთან ომში და მიიღებენ გამანადგურებელ შედეგს, იმიტომ, რომ მათი პატრონები, შემკვეთები უცხოეთიდან, პირდაპირ სთხოვენ მათ საქართველოს ომში ჩაბმას.“ - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ქართველი ხალხი მმართველ პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს, ის მიიღებს მშვიდობას. მეუფე სპირიდონი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ყველაფერი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა, თავის მხრივ, მოუწოდებს მოსახლეობას, მხარს ნუ დაუჭერენ გარყვნილებას და მომაკვდინებელ ომში ჩართვას.

„თუ ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც აკრძალა საქართველოში ლგბტ პროპაგანდა, უზნეობა, გათახსირება, ანუ პატიოსნება უნდა რომ დაამკვიდროს საქართველოში და ეს ძალა იბრძვის, რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, ომში არ ებმება და ინარჩუნებს მშვიდობას. თუ [ხალხი] მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც აკრძალა სოდომია და გათახსირება, ის მიიღებს მშვიდობას, იმიტომ, რომ იგივე ძალა იბრძვის მშვიდობისთვის.

ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი ურჩევნია - გარყვნილება, გათახსირება და საშინელი დამანგრეველი ომი, თუ წესიერება, პატიოსნება, ოჯახის სიწმინდე და მშვიდობა და კეთილდღეობა - ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა.

ჩვენ ვაფრთხილებთ ჩვენს ხალხს, ჩვენს ძმებს, ჩვენს დებს, ქართველ ხალხს, რომ არ დაუჭირონ მხარი ამ გარყვნილებას, გათახსირებას და მომაკვდინებელ ომს და დაუჭირონ მხარი წესიერებას, პატიოსნებას, იმ ძალას -კონკრეტულად, მმართველ პარტიას, ამ სიწმინდეს და მშვიდობას ვინც იცავს საქართველოში. ეს იქნება საქართველოს გადარჩენის და გაბრწყინების საწინდარი და ის გზა იქნება განადგურების და საშინელ დღეში ჩავარდნის საწინდარი და გზა. ღმერთმა დაგვიფაროს გარყვნილებისგან და საშინელი ომისგან და ღმერთმა მისცეს ჩვენს ხალხს იმის სიბრძნე, რომ მხარი დაუჭიროს სიკეთეს, სიწმინდეს, პატიოსნებას და მშვიდობას.“ - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

დღის ამბები