25 ოქტომბერი 2024,   19:36
ვრცლად
"ვერანაირი იზოლაცია ვერ მოხდება, რადგან როგორც ჩვენ გვჭირდება ამერიკა და ევროპა, არანაკლებ ვჭირდებით ამერიკასა და ევროპას ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე" - ლევან მაჭავარიანი

ვერანაირი იზოლაცია ვერ მოხდება, რადგან როგორც ჩვენ გვჭირდება ამერიკა და ევროპა, არანაკლებ ვჭირდებით ამერიკასა და ევროპას ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.

"დღის კურიერის" ეთერში, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებებით, ბოლო ძალები იხარჯება იმისთვის, რომ "რადიკალები მობრუნდნენ ხელისუფლებაში."

"მოსახლეობა მინდა დავამშვიდო იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რომ რაღაც აჟიოტაჟს ქმნის ოპოზიცია, ვერანაირი იზოლაცია ვერ მოხდება, იმიტომ, რომ როგორც ჩვენ გვჭირდება ამერიკა და ევროპა, არანაკლებ ვჭირდებით ამერიკასა და ევროპას ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. უბრალოდ, ასეთი ტიპის შანტაჟი იმიტომ მოდის, რომ ბოლო ტყვიები იხარჯება, რომ იქნებ რამენაირად რადიკალები მობრუნდნენ ხელისუფლებაში, ვინც დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებენ და მეორე ფრონტს გახსნიან მოსვლიდან ერთ კვირაში. ეს ვერ მოხდება." - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ლევან მაჭავარიანი ქვეყნის მიღწევებზე საუბრობს, მათ შორის - ეკონომიკურ მიღწევებზე. გარდა ამისა, ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის გარედან მომდინარე კრიტიკაზე, რომელიც "გამჭვირვალობის კანონს", ჩინეთთან ურთიერთობას და ანტი ლგბტ კანონს ეხება.

"გასამმაგებული გვაქვს ბიუჯეტი, გასამმაგებული გვაქვს ქვეყნის ეკონომიკა. 9.7 არის გასაშუალოებული ბოლო სამი წლის ეკონომიკური ზრდა, რითიც ევროპაში ვიკავებთ პირველ ადგილს. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2030 წლამდე ასე გაგრძელდება და საქართველო, ეკონომიკური ზრდით, იქნება პირველ ადგილზე ევროპაში და უკვე ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში გადავიდეთ. რაც გარედან პრეტენზიები მოდის, მოდით, დავფიქრდეთ, რა პრეტენზიები მოდის. ერთი არის გამჭვირვალობის კანონი. ვინმემ რამე არგუმენტი წარმოადგინა, რატომ არის გამჭვირვალობის კანონი ცუდი? ბატონმა პრემიერმა რომ მოუწოდა სამჯერ პირდაპირ ეთერში ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩებს, რომ მარტო დაგიჯდებით და წარმოადგინეთ თქვენი არგუმენტები და მოსახლეობამ მოისმინოს, რომელ ნაწილში არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსო. რატომ ვერ მოხდა ასეთი შეხვედრა? იმიტომ, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტი.

მეორე პრეტენზია მოდის იმაზე, რომ ანტი ლგბტ კანონს რატომ იღებთო. აუცილებლად მივიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომავალ თაობაზე და ჩვენ იმას არ დავუშვებთ, რაც ხდება ძალიან განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში. პირდაპირ ბაღებსა და სკოლებში მიდის უკვე აგიტაცია ბავშვებში, რომ თითქოს ისინი სქესით არ არიან დაბადებულები და რომ გაიზრდებიან, მერე უნდა აირჩიონ სქესი. ეს ვერასდროს ვერ მოხდება.

პრეტენზია მოდის ჩინეთთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და რატომ მოდის ასეთი პრეტენზია, როდესაც მთელი მსოფლიო აახლოებს ურთიერთობას ჩინეთთან? გერმანიისთვის, ზედიზედ მერვე წელია, ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, ევროპა დაახლოებით 800 მილიარდს ვაჭრობს, ამერიკა 600 მილიარდს ვაჭრობს, პოლონეთმა უვიზო რეჟიმი შემოიღო. რატომ მიდის მაინც და მაინც ჩვენთან მიმართებაში ასეთი ტიპის პრეტენზიები? სად არის კურსი შეცვლილი, დაგვისაბუთონ. ყველა საერთაშორისო რეიტინგი, რომელიც გამოქვეყნდა ბოლო 5-6 თვის განმავლობაში, მოწინავე პოზიციებზე ვართ, ყველა კანდიდატ წევრ ქვეყანას ვუსწრებთ და ძალიან ხშირ შემთხვევაში ვუსწრებთ ნატო-სა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებსაც.

ატლანტიკური საბჭოს დასკვნას დავაკვირდეთ, 11-წლიანი დემოკრატიის უწყვეტი პროგრესით, საქართველო ევროპაში იკავებს პირველ ადგილს, საერთაშორისო რეიტინგები ამაზე მიუთითებს. როდესაც, თეთრზე გვეუბნებიან შავს, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ პასუხი გავცეთ", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

 

დღის ამბები