27 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
"დღეიდან უკვე განვაახლებთ ყოველდღიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანას მოვუტანოთ ის წინსვლა, რომელზეც იყო საუბარი ჩვენს საარჩევნო პროგრამაში" - ირაკლი კობახიძე

მშვიდობას მოაქვს განვითარება და ჩვენ, დღეიდან უკვე განვაახლებთ ყოველდღიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანას მოვუტანოთ ის წინსვლა, რომელზეც იყო საუბარი ჩვენს საარჩევნო პროგრამაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მშვიდობის პირობებში, 4 წლის თავზე, "ქართული ოცნების" პროგრამის განხორციელების საფუძველზე საქართველო განვითარების სრულიად სხვა დონეზე იქნება.

"ცესკო-ს განსაკუთრებული მადლობა. განსაკუთრებული გამოწვევა იყო ის, რომ არჩევნები ტარდებოდა პირველად პრაქტიკულად სრულად ელექტრონული სისტემით. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი ხმას აძლევდა ელექტრონული წესით და რა თქმა უნდა, ამას განსაკუთრებული მართვა სჭირდებოდა. მადლობა ცესკო-ს იმისთვის, რომ არჩევნების ადმინისტრირება უნაკლოდ მოხდა. მადლობა ეკუთვნის არა მარტო ცესკო-ს, არამედ საარჩევნო კომისიის წევრებს, მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის.

ქართველ ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ, განსაკუთრებული ნდობისთვის. მე მინდა მივულოცო ყველას, არა მხოლოდ იმ 1 120 000 ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა "ქართულ ოცნებას", არამედ საქართველოს ყველა პატრიოტ მოქალაქეს. მადლობა ქართველ ხალხს, რომ სწორედ მშვიდობის ბედი გადაწყდა საქართველოსთვის ამ არჩევნებზე. მშვიდობით მოსარგებლე იქნება საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე. მშვიდობას მოაქვს განვითარება და ჩვენ, დღეიდან უკვე განვაახლებთ ყოველდღიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანას მოვუტანოთ ის წინსვლა, რომელზეც იყო საუბარი ჩვენს საარჩევნო პროგრამაში. მშვიდობის პირობებში, ჩვენი პროგრამის განხორციელების საფუძველზე, 4 წლის თავზე, საქართველო განვითარების სრულიად სხვა დონეზე იქნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები