27 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
“კენჭისყრის დღეს გამოვლენილი ძირითადი დარღვევები დღის წესრიგში აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან განმარტების საჭიროებას“– ნონა ქურდოვანიძე

შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. არასამთავრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, საპარლამენტო არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე ჩაიარა.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საიას მიერ აღრიცხულ უბანთა უმრავლესობაში “ქართული ოცნების“ მიერ დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი - ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს.

“გამოვლინდა, მარკირების წესების დაუცველობის დარღვევა, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით. აგრეთვე, გამოვლინდა ორმაგი ვერიფიკაციის, ასევე ერთი და იმავე მოქალაქის მიერ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემის შემთხვევა.

დღის მანძილზე, ასევე გამოვლინდა უბნის გარეთ დაძაბულობის, მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, კომისიის წევრების მიერ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულებისა და უკანონო აგიტაციის ფაქტები.

კენჭისყრის დღეს გამოვლენილი ძირითადი დარღვევები და პროცესების სანდოობასთან დაკავშირებული ეჭვები, დღის წესრიგში აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან განმარტების საჭიროებას“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

დღის ამბები