31 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
საჩივრების წარდგენის ვადა დასრულდა - შეტანილია 1170 საჩივარი, რაც ცესკოს ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. 

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, ამ დროისთვის შეტანილია 1170 საჩივარი, რაც ცესკოს ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. 

"საოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა საჩივრების წარმოდგენის ვადები. აქედან გამომდინარე, გიზიარებთ ინფორმაციას საჩივრების სტატისტიკის შესახებ, რომელიც ამ მდგომარეობით, დამუშავების შედეგად გვაქვს. წარმოგიდგენთ გარკვეულ მცირე შედარებით ანალიზს 2020-2021 წელს წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით.

2020 წელს სულ წარმოდგენილი იქნა 2 054 საჩივარი. 2021 წელს 1840 საჩივარი, ხოლო წელს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს კლებით და დადებით ტენდენციაზე, რომელიც 2020 წლის შემდეგ გვაქვს.

ამავდროულად წარმოგიდგენთ 2020-2024 წლებიდან გამომდინარე სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების სტატისტიკას და ტენდენცია აქაც კლებადია. მაგალითად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 2020 წელს წარმოადგინეს სულ 629 საჩივარი, 2021 წელს - 599, ხოლო მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში სულ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა არის - 570.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობას, წარმოგიდგენთ სტატისტიკურ ინფორმაციას: 2020 წელს სულ წარმოდგენილი იქნა 1425 საჩივარი, 2021 წელს 1235, ხოლო მიმდინარე არჩევნების ფარგლებში სულ წარმოდგენილია 600 საჩივარი.

შეიძლება ცალსახად ითქვას, როგორც საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მიმართებით, კლებით ტენდენციები საჩივრებთან მიმართებით ნარჩუნდება, რაც ბუნებრივია ასახავს იმას, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვას უნდა მოჰყოლოდა გარკვეული პროცედურული დარღვევების თვალსაზრისით საჩივრების რაოდენობის კლება, რასაც მიმდინარე სტატისტიკაც ადასტურებს.

ამავე დროს, წარმოდგენილი საჩივრებიდან გიზიარებთ, თუ რა კონკრეტულ მოთხოვნებს შეიცავდნენ ისინი.

კერძოდ: გადათვლა ბათილობასთან დაკავშირებით - სულ წარმოდგენილია 544 საჩივარი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით - 428 საჩივარი. მოთხოვნის გარეშე საჩივრები წარმოდგენილია 47, ხოლო ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე 151 საჩივარი.

ამავდროულად, მინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გარკვეულ საჩივრებთან დაკავშირებით. თუკი შევაჯამებთ 26, 27 და 28 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილ საჩივრებს, სულ წარმოდგენილია 652 საჩივარი და წარმოდგენილი საჩივრებიდან მხოლოდ 7 საჩივარი შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც საჩივრის ავტორი მიუთითებს გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს შესაბამისი მონიშვნის არსებობაზე, არც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კენჭისყრის დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა არ იყო იდენტიფიცირებული.

ასევე გვინდა გაგიზიაროთ გადათვლებთან დაკავშირებით ინფორმაცია. კერძს, 29 ოქტომბერს, სულ გადაითვალა 366 საარჩევნო უბანი და გადათვლილი საარჩევნო უბნებიდან 334 საარჩევნო უბანზე შედეგები არ შეცვლილა, ხოლო დარჩენილ 32 საარჩევნო უბანში შედეგები შეიცვალა მხოლოდ მცირედით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჯამში, 3111 შემაჯამებელ ოქმში განსხვავებული აზრი ფიქსირდება მხოლოდ 9 შემთხვევაში, რაც საბოლოო ჯამში მხოლოდ 2/100-ს წარმოადგენს.

წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობების შესახებ ინფორმაცია განთავსდება დღეს ცესკოს ვებ-გვერდზე და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა აღნიშნული სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიოს.

სამწუხაროდ ნარჩუნდება ტენდენცია იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია ისეთ საჩივრები, რომელიც ე.წ. შაბლონურ საჩივრებს განეკუთვნება. კერძოდ, იცვლება მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიების ჩამონათვალი, ხოლო საჩივარი კი თავისი შინაარსით არ იცვლება, რაც მიუთითებს იმას, რომ საჩივრები წარმოდგენილი იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საჩივრების რაოდენობა გაზრდილიყო და არა კონკრეტული პრობლემა ასახულიყო, რაც ასევე ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია გადაამოწმოს ჩვენს საჯარო საჩივრების რეესტრში.

არაუგვიანეს 3 ნოემბრისა, საოლქო საარჩევნო კომისიებში არის საჩივრების განხილვის დასრულების უკიდურესი ვადა. შესაბამისად, საჩივრების განხილვის დასრულებისთანავე, წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას," აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.

დღის ამბები