31 ოქტომბერი 2024,   23:31
ვრცლად
გაყალბების ბრალდებები გამოძიებასთან თანამშრომლობის გარეშე - პროკურატურა იკვლევს, გაყალბების ბრალდებების ავტორები კი, გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ

გადაწყვეტილება რომ გამოძიებას მტკიცებულებებს არ წარუდგენდა - სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ უკვე თქვა, დღეს კი "კურიერის" კითხვა უკომენტაროდ დატოვა.

პრეზიდენტმა პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო მოლოდინი ჰქონდათ საერთაშორისო პარტნიორებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში პირდაპირ თქვეს, რომ ზურაბიშვილმა დარღვევებთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაცია გამოძიებას უნდა გაუზიაროს

გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი სახელისუფლებო
გუნდის შეფასებით ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილს კონკრეტული ფაქტები არ აქვს და არჩევნების გაყალბების შესახებ მხოლოდ დეზინფორმაციას ავრცელებს.

არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება სამ უწყებაში ერთდროულად, 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. პროკურატურამ დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა. უწყება განმარტავს, რომ პირები, ვინც საჯაროდ აცხადებენ, რომ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით მტკიცებულებებს ფლობენ, უარს
ამბობენ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაზე, რაც გამოძიების პროცესს აფერხებს. "მტკიცებულებები ისედაც საჯაროა და პირველწყარო პრეზიდენტი ვერ იქნება" - ამბობს ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის შიგნით დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს..

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი ოპონენტების უარი ერთის მხრივ აღიარებითი ჩვენებაა, მეორეს მხრივ კი პარტნიორების მოწოდებების უგულებელყოფა.

პროკურატურის პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც - ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიების საფუძველი მედია ომბუდსმენის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცხელ ხაზზე მიღებული შეტყობინებები გახდა. ასევე გასაუბრებები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 17 ინციდენტს შეეხებოდა. აქედან 13 შემთხვევა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა. პროკურატურის მსგავსად, გამოკითხვაზე დაბარებულთა უმრავლესობა არ მივიდა არც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. უწყება აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, გამომძიებლები დაუკავშირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. საგამოძიებო ორგანოში, მხოლოდ 5 ჟურნალისტი და 1 ოპერატორი გამოცხადდა.

დღის ამბები