მმართველი გუნდი 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის სტუმრობას ეხმიანება. "ქართული ოცნების" შეფასებით, მათი ვიზიტი ცალსახად ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის მცდელობას ასახავს, რაც გაეროს წესდებას ეწინააღმდეგება.
"ამ ადამიანების ღირებულებებზე ჩვენ აღარ ვსაუბრობთ და მათ გავლენაზეც, ბუნებრივად ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ, რომ ვიმეორებთ, ეს ხალხი არ წარმოადგენს არავის, მათ შორის ევროკავშირიდან. სტრასბურგის გადაწყვეტილებაა, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილი ზის აბსოლუტურად კანონიერად და სამართლიანად და მას იქ არავინ არ აწამებს, შესაბამისად, ამით ცივი წყალი გადაასხა ევროპის სასამართლომ ელჩებსაც და აქ გამომსვლელებსაც კი. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის ფაქტი, რომ ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ ქვეყანას", – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.
ევროპული დელეგაციის მხრიდან თბილისის აქციაზე გამოსვლისას გახმოვანებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სააკაშვილის გათავისუფლების ინიციატივას, მმართველი გუნდი პასუხობს და ამბობს, რომ არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პატიმრის უფლებები არ ირღვევა და სასჯელი კანონიერია.
"ყველაზე გულდასაწყვეტი რაც არის, ეს არის უხეში ჩარევა სხვა ქვეყნის საქმეებში, ეს არის სუვერენიტეტის უხეში ფეხქვეშ გათელვა და ყველაზე არამეგობრული ნაბიჯი, რაც კი შეიძლება გააკეთოს რომელიმე ქვეყნის ოფიციალურმა თანამდებობის პირმა. თითქოს აღარც გაეროს წესდება აღარ არსებობს და აღარც ქვეყნების სუვერენიტეტი, აღარც თანასწორობა ქვეყანათა შორის და ვიღაცების სურვილებსა და დაკრულზე უნდა იცეკვოს თურმე მთელმა ქვეყანამ, რაც კატეგორიულად მიუღებელია", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.