ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება ისევ დაძაბულია. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეების მიერ ბლოკირებული სამი ხიდიდან ერთის - კოდორის ხიდის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს მოჰყვა აქციის მონაწილეებისადმი ე.წ. ხელისუფლების პირობას, რომ დაკავებულებს გაუშვებენ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა, მეორედ და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ. ამის პარალელურად, რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით დაიწყო მოლაპარაკებები, იმართება შეხვედრები. შეთანხმების რატიფიცირება ნიშნავს იმას, რომ რუს ბიზნესმენებს ადგილობრივებთან შედარებით მეტად კარგ და მათთვის მორგებული პირობებით შეეძლებათ ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთარი ბიზნესი და საქმიანობა. სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა ოპოზიცია.
ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ისინი ე.წ ძალოვნებმა დააკავეს. დაკავებულები ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ტერიტორიაზე დაკავებულების ახლობლები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, იყო შტურმის მცდელობაც. მოგვიანებით, პროტესტის მონაწილეებმა სამი ხიდის გადაკეტვა მოახერხეს.
ვითარების დაძაბვის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ალან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბას განცხადებით, გამოძიება დაკავებულებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და უცენზურო სიტყვების გამოყენებას ედავება.
"დაკავებულებმა 11 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" კანონპროექტის განხილვის შემდეგ, პარლამენტის ეზოში ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ ჩაიდინეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, რასაც თან ახლდა უცენზურო ლანძღვა. დაკავებულები შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და მათ მიმართ მიმდინარეობს პროცესუალური შემოწმება" - განაცხადა აგრბამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციური "სახალხო მოძრაობის" ლიდერის, ადგურ არძინბას განცხადებით, ისინი დაკავებულების გათავისუფლებას და შეთანხმების გაუქმებას მოითხოვენ.
"ჩვენი თანამებრძოლები უკანონოდ არიან დაკავებულები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავენ. მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას და იმ შეთანხმების გაუქმებას, რომლითაც აფხაზეთის გაყიდვას მწვანე შუქი აუნთეს" - განაცხადა ადგურ არძინბამ.