14 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ორი კვირის თავზე არჩევნებიდან, ვერც ერთმა ადამიანმა ვერ მოიტანა მტკიცებულება, გნებავთ გაყალბებასთან დაკავშირებით, გნებავთ ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით - გურამ მაჭარაშვილი

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება გრძელდება - რამდენიმე წუთია საქალაქო სასამართლოში "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე მივიდნენ, ისინი კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში დაიბარეს კიდევ ერთი პოლიტიკოსი ანა წითლიძე, გამოძიებას კითხვები აქვს თინა ბოკუჩავასთანაც. კოლეგების მსგავსად, ისინიც, სავარაუდოდ, სასამართლოში გამოიკითხებიან. პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს დაიწყო.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიუთითებენ, რომ ოპოზიციას მტკიცებულებები არ აქვს, ვინაიდან არჩევნების პროცესი ჩატარდა პრობლემების და ხარვეზების გარეშე, რის გამოც ოპოზიცია ცდილობს პროკურატურას უნდობლობა გამოუცხადოს იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საგამოძიებო უწყების კითხვებზე პასუხების გაცემა. უმრავლესობაში ამბობენ იმასაც, რომ არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდა.

"ორი კვირის თავზე არჩევნებიდან, ვერც ერთმა ადამიანმა ვერ მოიტანა მტკიცებულება, გნებავთ გაყალბებასთან დაკავშირებით, გნებავთ ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, ლიდერები გამოდიან ოპოზიციიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში, ამბობენ, რომ ჩემს თვალწინ ხდებოდაო ფარულობის დარღვევაო და იმავე და მეორე დღეს, არც ერთმა არავითარი განცხადება არ გააკეთა, მეტიც, ფოტოსურათიც კი არ გადაიღეს თუ ასეთი რამე მოხდა. მეტსაც ვამბობთ ჩვენ, რომ იგივე მოსამართლესთან დაკავშირებით თავად ხომ იყო არჩევნებზე და თავის ოჯახის წევრები, სად ნახეს ფარულობის დარღვევა? ვერსად ვერ ნახეს, შესაბამისად, მათი დრო უკვე დამთავრებულია, ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ მომავალზე, როგორ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა", - აცხადებს პარტიის "ხალხის ძალა" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები