14 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
"მტკიცებულებები დღეს აქ მაქვს მოტანილი და მზად ვარ, რომ წარვადგინო" - საბა ბუაძე პროკურატურის გამოძიებაზე

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება გრძელდება. რამდენიმე წუთია საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი საბა ბუაძე და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე მივიდნენ. ისინი კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში დაიბარეს კიდევ ერთი პოლიტიკოსი ანა წითლიძე, გამოძიებას კითხვები აქვს თინა ბოკუჩავასთანაც. კოლეგების მსგავსად, ისინიც, სავარაუდოდ, სასამართლოში გამოიკითხებიან.

პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს დაიწყო.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, თენგიზ თევზაძის განცხადებით, ის პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას არ ენდობა, სწორედ ამიტომ მოითხოვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა.

"ეს გამოძიება, თავისი შინაარსით, არის სასაცილო. მის მიმართ არის უნდობლობა, ამიტომ არ მივედი პროკურატურაში, თორემ პროკურატურაშიც მისვლაც არ წარმოადგენს პრობლემას, ამიტომ გადავწყვიტე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოვკითხულიყავი და მიმეწოდებინა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩემს ხელთ არის არსებული.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო არჩევნების ფარულად ჩატარება. ყველა დანარჩენ შეკითხვაზე პასუხის გაცემულია, ვინაიდან დარღვეულია მთავარი პრინციპი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ვინ მივიდა არჩევნებზე. უნდა გაიხსნას ბაზები. ეს გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე, მაგრამ "ქართული ოცების" პირობებში არა", - განაცხადა თენგიზ თევზაძემ.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არსებული მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, რომელსაც სასამართლოში წარადგენს.

"არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არსებობს საკმარისზე მეტი, ფაქტობრივად ყველა საარჩევნო ოლქთან მიმართებაში, მაგრამ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით პროკურატურისგან გვაქვს ძალიან უხერხული და სამარცხვინო დუმილი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. ამ გამოძიებას აქვს ერთადერთი მიზანი - ეს არის პოლიტიკური მიზანი.

მტკიცებულებები დღეს აქ მაქვს მოტანილი, მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი და მზად ვარ, რომ ეს მტკიცებულებები წარვადგინო", - განაცხადა საბა ბუაძემ.

დღის ამბები