14 ნოემბერი 2024,   05:06
ვრცლად
მანდატის აღიარება-არაღიარებას აქვს თავისი პროცედურა, ბრიფინგები, რაც ამ პარტიებმა ჩაატარეს, პოპულიზმი და პოლიტიკური მატრაკვეცობაა - ლევან მახაშვილი ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმის შესახებ

"ერთი სიტყვით შემიძლია შევაფასო ის ბრიფინგები, რაც ამ პარტიებმა ჩაატარეს - პოპულიზმი, მეტი არაფერი, და პოლიტიკური მატრაკვეცობა. იმიტომ, რომ სინამდვილეში, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ, კანონი ამას არ ითვალისწინებს," - ამ შფასებით "ქართული ოცნების" წევრი, ლევან მახაშვილი "დღის კურიერში", კოალიცია "ცვლილებებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

ლევან მახაშვილმა საპარლამენტო მანდატების შეჩერების პროცედურა განმარტა.

"ცესკო თავის ვადებში შეაჯამებს საბოლოო შედეგებს, გადმოსცემს სიას პარლამენტს და შემდეგ პარლამენტი გადაწყვეტს, ეს ადამიანები იმსახურებენ თუ არაა ამ მანდატს და მათი მანდატი ლეგიტიმურია თუ არა. ამავე დროს, ერთგვარი დეჟა ვუ გვაქვს, რასაც ვხედავთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, აბსოლუტურად იგივე სცენარი განმეორდა.

მანდატის აღიარება-არაღიარებას აქვს თავისი პროცედურა, რომელიც არის შემდეგი და არაერთხელ იქნა განმარტებული - ცესკო აჯამებს საარჩევნო შედეგებს, გადმოსცემს ამ ერთგვარ პაკეტს პარლამენტს, პარლამენტი კი 76 ხმით აძლევს მანდატს 150-ვე პარლამენტის წევრს, შემდეგ კი შეუძლიათ მათ პარლამენტს მიმართონ ინდივიდუალურად, მოითხოვონ საკუთარი მანდატების შეჩერება და ამ შემთხვევაშიც პარლამენტმა ინდივიდუალურად, თითოეული ასეთი განცხადების შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს მათ შეუჩეროს თუ არა მანდატი - ეს არის პროცედურა. ამ პროცედურის იქით ნებისმიერი განცხადება არის პოპულიზმი და არ აქვს არანაირი სამართლებრივი შედეგი.

როგორც ჩანს, მათმა უცხოელმა მეგობრებმა, რომელიც აქ იყვნენ ერთგვარად ცეცხლი შეუნთეს, უთხრეს, რომ უფრო აგრესიულები იყვნენ თავიანთ ქმედებებში და, როგორც ჩანს, მსგავსი განცხადებებით ცდილობენ მუხტის ხელახლა აწევას, თითქოს რაღაც პროცესები მიდის ქვეყანაში. სინამდვილეში არჩევნების მატარებელმა ჩაიარა, საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გააკეთა თავისი განაცხადი და ქუჩისა და დემონსტრაციების დრო კი არ არის, ახლა არის პარლამენტში საქმიანობის დრო ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები