16 დეკემბერი 2024,   20:32
ვრცლად
პრემიერი ესტონეთისა და ლიეტუვის სანქციებზე: "ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა"

"ვფიქრობ, ეს იყო უალტერნატივო გადაწყვეტილება," - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ დარჩა საქართველოს მთავრობა ლიეტუვასა და ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, მიუხედავად მათ მიერ დაწესებული სანქციებისა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა "არ აჰყვება პროვოკაციებს" და ექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერ მსგავს ნაბიჯზე.

"ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. იცით, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ლიეტუველი და ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების ხელით ეწყობა ასეთი პროვოკაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით და გვექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო. ზოგადად, მიუღებელია, რომ ეს ორი სახელმწიფო მოქმედებს არა საკუთარი ხალხების ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე დაკვეთებით," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ საქართველოს მთავრობის 20-მდე თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა.

ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, დღეს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ სანქციებს შემხვედრ ზომებს არ დაუპირისპირებს და ორივე სახელმწიფოსთან დარჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

დღის ამბები