16 დეკემბერი 2024,   20:34
ვრცლად
"ერთობლივად ვიმუშავეთ, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, სხვა სახელმწიფოებშიც მოხდეს სანქცირება იმ ადამიანების, რომლებიც აყალბებენ ქართველი ხალხის ნებას" - გიორგი ვაშაძე

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მალე სხვა სახელმწიფოებიც დაასანქცირებენ იმ ადამიანებს, რომლებიც "აყალბებენ ქართველი ხალხის ნებას."

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციამ ერთობლივად იმუშავა.

"ჩვენი ამოცანაა პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტულ ჯგუფებსა და საზოგადოებას შორის კოორდინაცია იმისთვის, რომ უფრო და უფრო მძლავრი იყოს წინააღმდეგობა, რომელსაც ვუწევთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას. დღეს მიღწეული მიზანი რაც არის, ამაზე შემიძლია მკაფიოდ ვთქვა - აღიარება "ქართული ოცნების" რეჟიმს არ აქვს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაზეც ერთობლივად ვიმუშავეთ - გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, სხვა სახელმწიფოებშიც მოხდეს სანქცირება იმ ადამიანების, რომლებიც აყალბებენ ქართველი ხალხის ნებას", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით კი, სანქციები არ არის კარგი ჩვენი სახელმწიფოსთვის, ხოლო ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებაა.

"ესტონეთის და ლიეტუვის ხელისუფლებებიდან ეს არის გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი: არ აღიარებენ ამ არჩევნებს, ხელისუფლებას და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივას ამ ხელისუფლების პირობებში.

სანქციები არასდროს არ არის სასიამოვნო, ეს არ არის კარგი ჩვენი სახელმწიფოებისთვის, ამიტომ ახალი არჩევნები არის გზა წინ, ეს არის ერთადერთი შანსი, რომ ჩვენ მივიღოთ ლეგიტიმური პარლამენტი, მთავრობა და დაუსანქცირებელი ხელისუფლება, რომელიც ღირსეულად წარადგენს საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ საქართველოს მთავრობის 20-მდე თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა.

ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, დღეს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ სანქციებს შემხვედრ ზომებს არ დაუპირისპირებს და ორივე სახელმწიფოსთან დარჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

დღის ამბები