საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია "ეარ ჩაინამ " დაიწყო ოპერირება.
პირველი პირდაპირი რეისი ურუმჩიდან ღამით შესრულდა. ჩინეთიდან საქართველოში 98 მგზავრი ჩამოვიდა, თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით კი 121 მოქალაქე გაემგზავრა.
პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, "ტავ ჯორჯიას" ორგანიზებით დახვედრა გაიმართა.
ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Air China-სთან, ოპერირების დაწყების მიზნით აქტიური მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ Routes Asia-2024-ის ფარგლებში გამართა.
აეროპორტების გაერთიანება Air China-თან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყოს.