
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 7 თვე რჩება. ვინ დარჩება გადაწყვეტილების ერთგული და ვინ შეცვლის პოზიციას - ბარიერგადალახულ პარტიებში ერთადერთი, ვინც ცალსახად ამბობს, რომ 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს "ნაციონალური მოძრაობაა". დანარჩენ სამ პარტიაში პირდაპირ არ აცხადებენ - აპირებენ თუ არა მომავალ არჩევნებში ჩართვას. ამბობენ, რომ ახლა ეს თემა აქტუალური არ არის და უნდა შესრულდეს როგორც ახალი არჩევნების დანიშვნის, ასევე აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა.
"მიგვაჩნია, რომ დღეს 2 უმნიშვნელოვანესი საკითხი დევს მაგიდაზე, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. სხვა თემების შემოტანა არის ფოკუსის გაბლარვა და არაარსებით საკითხებზე ყურადღების გადატანა. აუცილებელია მეტი კოორდინაცია ოპოზიციის შიგნით და არა დაქსაქსულობა,"- აღნიშნავს "ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა.
გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ ისინი თანმიმდევრულად მიყვებიან გეგმას:
"ზოგადად ჩვენს პარტიასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის ძალიან ბევრი განსხვავებებია. თუმცა, ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის, რომ ჩვენზე არასოდეს მოქმედებს სხვა პარტიების მხრიდან მოწოდებები, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას და ეს გეგმა არის ის, რასაც ითხოვს დღეს ხალხი ქვეყნის მთავარ გამზირზე,"- აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი ტატა ხვედელიანი.