03 ოქტომბერი 2024,   19:33
ვრცლად
პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას ეგზგუმაციის გადაწყვეტილება მიიღო

პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას ეგზგუმაციის გადაწყვეტილება მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება ექსპერტიზა. ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები კი ყველა პროცედურაზე თანახმანი არიან, რის ჩატარებასაც გამოძიება საჭიროდ ჩათვლის.

ცნობილია, რომ ამ პროცესში ჩაერთვებიან საერთაშორისო  ექსპერტები. თუმცა, როგორც პროკურატურაში ამბობენ,  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,  ვერ დასახელდება ვერც მათი ვინაობა და  ვერც ის, თუ რამდენ ექპსპერტზეა საუბარი.

„მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება სასამართლო-სამედიცინო დარგში საერთაშორისო დონის ექსპერტებთან და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები. ეგზგუმაციის საკითხი პირდაპირ კავშირშია ექსპერტიზის შედეგებთან. რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ ეტაპზე ეს საკითხი ჯერ არ განიხილება. თუმცა, ოჯახის პოზიცია ჩვენთვის ცალსახად ცნობილია,“ - ამბობს პროკურორი რეზო ნადოი „რუსთავი2“-თან საუბრისას.   

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების პოზიციას, ისინი თანახმანი არიან ეგზგუმაციის ჩატარებაზე. როგორც ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია „რუსთავი2“-თან საუბრისას  ამბობს, ოჯახი დაეთანხმება ყველა იმ პროცედურას, რომლის  ჩატარებასაც გამოძიება ჩათვლის საჭიროდ.   

 

დღის ამბები