03 ოქტომბერი 2024,   19:33
ვრცლად
დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, სპეციალური კომისია კი მიყენებულ ზარალს ითვლის.

უხვი ნალექის გამო განსაკუთრებული პრობლემები შეექმნა აჭარის მაღალმთიანეთსა და გურიას, სადაც ძლიერი წვიმის გამო შეფერხებული სალიკვიდაციო სამუშაოების განახლება მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი. სამუშაოებს თვალყურს ადევნებენ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სტიქიის დროს დაზიანებული სასმელი წყლის მილსადენის შეკეთება მიმდინარეობს გურიაში. ამჟამად სასმელი წყალი გურიის მოსახლეობის მხოლოდ 80%-ს მიეწოდება, თუმცა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ წყლის მიწოდება სრულად, დაახლოებით, ორ დღეში აღდგება.

დღესვე სასწავლო პროცესი განახლდა სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში, თუმცა მოსწავლეთა დიდი ნაწილი გაკვეთილებზე არ გამოცხადდა. ყველაზე დიდი ზარალი გურიაში სწორედ ამ სოფელს მიადგა.

სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა აჭარაც. ქობულეთის რაიონის სოფელ სკურაში სამი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. მეწყერის შედეგად ჩაიხერგა რამდენიმე სოფელთან მიმავალი საავტომობილო გზა, რის გამოც მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს.

ძლიერმა წვიმამ ქოებულეთის რაიონში სულ ხუთი სოფელი დაიტბორა.

სოფელ დოლოგანში ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე საათით შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა  ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზეც. გზის გაწმენდა მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა და მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, თუმცა გეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ გზის ამ მონაკვეთზე მეწყერი კვლავ ჩამოწვეს.

სტიქიამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. ორ სოფელში მეწყერის ჩამოწოლის გამო, შესაძლოა, 12 ოჯახის დროებით გასახლება გახდეს საჭირო. ამ საკითხს სამთავრობო კომისია განიხილავს. ანალოგიურ მდგომარეობაშია კიდევ რვა ოჯახი, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილებას მათი ევაკუაციის შესახებ გეოლოგების მიერ დასკვნის გაცნობის შემდეგ მიიღებენ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ნალექიანი ამინდია, თუმცა, სინოპტიკოსების პროგნოზით,  ამინდი დღის მეორე ნახევარში გაუმჯობესდება.

დღის ამბები